ზოგიერთი კვლევის თანახმად, ცხელი ჩაის ან სხვა სასმელის სმა საყლაპავი მილის კიბოს რისკს ზრდის.
მაგალითად, შარშან გამოქვეყნდა ირანში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელშიც 40-დან 75 წლამდე 50 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის თანახმად, დღეში 700 მილილიტრი ოდენობის ჩაის სმა, რომლის ტემპერატურა 60 გრადუსი ან უფრო მაღალია, კიბოს რისკს 90 %-ით ზრდის.
თუმცა, ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ საყლაპავი მილის კიბოს მხოლოდ ცხელი ჩაის სმა არ იწვევს და ეს დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც. კერძოდ, ჩინეთში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელშიც 30-დან 79 წლამდე ასაკის 456 155 პირი მონაწილეობდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხელი ჩაის სმა საყლაპავი მილის კიბოს რისკს იმ შემთხვევაში ზრდის, თუ ცხელი ჩაის სმას თან ახლავს ალკოჰოლისა და თამბაქოს გადაჭარბებული მოხმარება.
რა არის საყლაპავის კიბო და რგორია მისი სიმპტომები?
საყლაპავის კიბო მაშინ ჩნდება, როდესაც საყლაპავში სიმსივნე იზრდება ან საყლაპავის გარსის უჯრედები იცვლება. არსებობს საყლაპავის მილის კიბოს ორი ძირითადი ტიპი : Ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ადენოკარცინომა.
ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა საყლაპავის ამომფენი უჯრედებისგან წარმოიშობა, ასე რომ, მისი განვითარება შესაძლებელია საყლაპავის მთელ სიგრძეზე, ნებისმიერ ადგილას. ადენოკარცინომა აღმოცენდება საყლაპავის ქვედა ნაწილში, კუჭის ახლოს, და ამ ორგანოს მჟავე შიგთავსის საყლაპავში მოხვედრასთანაა დაკავშირებული.
საყლაპავის სიმსივნე თავდაპირველად თითქმის შეუმჩნეველია. თანდათან თავს იჩენს ყლაპვის გაძნელება და ტკივილი ყლაპვის დროს, წონის კლება, ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა, გულძმარვა, უმადობა, სისხლდენა საყლაპავში.
იმის დასადგენად, თუ რატომ შეიძლება ცხელმა ჩაიმ ან სხვა სასმელმა კიბო გამოიწვიოს, მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო. ერთ-ერთი თეორია არის ის, რომ, შესაძლოა, ცხელი სასმელი საყლაპავის ლორწოვან გარსს აზიანებს, რაც კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს, როგორიცაა ალკოჰოლი და სიგარეტის კვამლი, მასში შეღწევას უადვილებს.
წყარო : edition.cnn.com / healthline.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”