close
ემიგრანტი

სოლომონ ნერგაძე – პროფესორი, რომელიც პავიას უნივერსიტეტში  ლექციების რამდენიმე კურსს ხელმძღვანელობს

 
“ვურჩევ – კარგად აწონ-დაწონონ, სად და რისთვის მიდიან. მიზანმიმართული ადამიანები წარმატებას უფრო ხშირად აღწევენ, ვიდრე „ოღონდ წავიდე და რაღაც იქნება“-ადამიანები” – ასეთ რჩევას აძლევს პროფესორი, სოლომონ ნერგაძე მათ, ვისაც აქვთ სურვილი და მიზანი, წარმატება უცხო ქვეყანაში ეძიონ. სოლომონ ნერგაძე სამი ათეული წელია, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობს, დღეს ის იტალიის ქალაქ პავიას უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორია. ის “დოქტრინას” საკუთარ ისტორიას უყვება.

თავდაპირველად, გვესაუბრეთ – სად და რას საქმიანობთ?

 


მეოთხედ საუკუნეზე მეტია, დროებითი ემიგრანტი ვარ. ამჟამად, იტალიის ქალაქ პავიას უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი გახლავართ.

დავიბადე ბაღდათში. სწავლა დავიწყე სოფელ ნერგეეთის ოთარ ჯაფარიძის სახელობის საშუალო სკოლაში (ამას ხაზგასმით და სიამაყით ვამბობ – ეს სკოლა აფხაზეთში სამშობლოს შეწირული ბიჭის სახელს ატარებს). დავამთავრე ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი – სხვათა შორის, პირველი გამოშვება ვართ (მაშინ ნიჭიერთა სკოლას ეძახდნენ).  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ჩვენი დედა-უნივერსიტეტის) ფიზიკის ფაკულტეტის ბიოლოგიური ფიზიკის სპეციალობით დამთავრების შემდეგ იყო ასპირანტურა – სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლენინგრადის (ამჟამად, სანკტ-პეტერბურგის) ციტოლოგიის ინსტიტუტში.  1991 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია უჯრედის ბიოლოგიაში. სადოქტორო დისერტაცია მოლეკულურ და უჯრედულ ბიოლოგიაში დავიცავი პავიას უნივერსიტეტში 2009 წელს.

კავშირს არ ვწყვეტ ჩემს ქვეყანასა და დედა-უნივერსიტეტთან. ვიყავი საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი – ეს ის ინსტიტუტია, რომელიც საქართველოში ადრონული თერაპიის ცენტრის დაარსების სათავეებთან იდგა. ამჟამად, ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში შენდება.

ამჟამად, პავიას უნივერსიტეტში  მიმყავს ლექციების რამდენიმე კურსი – მოლეკულური ბიოლოგია, ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინტეგრირებული ლაბორატორია, ბიოინფორმატიკისა და ომიკების მეთოდოლოგიური  პრინციპები. ვარ  რამდენიმე ათეული  სტუდენტის, მათ შორის, ქართველი სტუდენტის და დოქტორანტის სადიპლომო ხელმძღვანელი  და თანახელმძღვანელი. ვკითხულობ აგრეთვე ინტერნეტ ლექციებს (ონ-ლაინ ლექციებს) ქართველი ახალგაზრდების თხოვნით – საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სხვადასხვა სექციისთვის.

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გქონოდათ საკუთარი საქმიანობა?


მეცნიერის საქმე არაა ისე მარტივად, როგორც დღეს რიგით მკითხველებს წარმოგვიდგენია. მეცნიერებას, ფაქტობრივად, არ აქვს საზღვრები.  პეტერბურგში საკანდიდატო დისერტაციას რომ ვიცავდი, საქართველოში ომი დაიწყო – ვაი-ქართვლების მიერ გაჩაღებული საშინელი, ძმათამკვლელი ომი. მერე ბნელი 90-იანები. მაშინ დავვოჯახდი. ორი შვილი მყავს – ქრისტინე და ლუკა. ქალიშვილი 30-ისაა, ლუკა – 27.

გაჭირვების, ღვინის “ბიზნესის” (ფაქტობრივად, მეგობრების ბიზნესის და მათ მიერ ჩემი რჩენის), ვაგონების გადმოტვირთვის ამბებს გამოვტოვებ. ასევე, ძალიან მოკლედ შევეხები საქართველოში ჰემოდეზის წარმოების ამბავსაც. ჩემთვის ეს ახლაც კი, ამდენი ხნის შემდეგ, დიდი ტკივილია. ჩემს ყველა მეგობარს, ვისთან ერთადაც ეს საქმიანობა დავიწყე, თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ მოვეფერები – ზაზას, მაიას, გიორგის, ნანას, ზურაბს, ირაკლის, ბატონ რაფიელ დანიელოვს (ამჟამად, ისრაელშია)… ყველა ძველებურად მიყვარხართ. ჩვენ ვეცადეთ, დებო და ძმებო! ძალიან ვეცადეთ… წინ იმედიანი და დიდი პერსპექტივა იშლებოდა, მაგრამ ბნელ წლებში საერთოდ გაუქმდა ქვეყნის მომავალი – კვლევითი საქმიანობაც და გულუბრყვილო ბიზნეს-საქმიანობაც. რუსეთიდან დაბრუნებულმა ცეკას პირველმა მდივანმა და მისმა ქვეშევრდომებმა (მისმა კლანმა, როგორც ახლა ამბობენ) ქვეყანა ნახევარი საუკუნით უკან, სიბნელეში გადააგდეს – კიდევ დიდხანს მოვუნდებით მაშინდელის ვაი-ქმედების მწარე შედეგების აღმოფხვრას.
ოთხმოცდაათიანების შუა წლებიდან იყო იტალია, მერე კანადა… ცოტა ხნით კიდევ რამდენიმე ქვეყანა და ისევ იტალია. 1996 წელს პავიას გენეტიკისა და მიკრობიოლოგიის დეპარტამენტში პოსტ-სადოქტორო ტრენინგზე მოვხვდი, როგორც ICGEB-ის (გენური ინჟინერიის და ბიოტექნოლოგიის საერთაშორისო ცენტრი) სტიპენდიანტი. იქვე შემომთავაზეს კვლევების გაგრძელება. როგორც ვფიქრობდი, ცოტა ხნით დავრჩი. არ ჩამომართვათ თავის დამადლებაში, ორჯერ დავბრუნდი საქართველოში. იტალია-კანადა-იტალიას შორის შუალედებში დავბრუნდი, მაგრამ წინასწარ დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება ვერ და არ მოხერხდა. მეგობრებმა არ დამტოვეს უსაქმოდ. სინამდვილეში კი, უბრალოდ, მარჩენდნენ. ვერ დავაწვებოდი ტვირთად. თან, მეცნიერებაში მუშაობაც მინდოდა. ვერ დავანებებდი თავს მეცნიერებას ასე ადვილად. კიდევ უნდა გთხოვოთ, სწორად გამიგოთ,  ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ დიდ მეცნიერად ვარ დაბადებული. ძიება მიყვარს – კითხვების დასმა და პასუხების ძებნა. ხუთ ათეულზე მეტი ორიგინალური სამეცნიერო პუბლიკაცია მაქვს საერთასორისო, უმაღლესი რანჟირების სამეცნიერო ჟურნალებში. აგრეთვე, ასზე მეტი წარდგენა და პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ კონფერენციებსა თუ მიტინგებზე.
მთელი ჩემი სამეცნიერო  კარიერის  მიზანი მარტივად ასე შეიძლება, ჩამოყალიბდეს – დავადგინო მექანიზმი, რითაც ვუბიძგებთ კიბოს უჯრედებს  თვითმკვლელობისაკენ (აპოპტოზისკენ).

სამეცნიერო ნამუშევრების გარდა, გამოქვეყნებული მაქვს მოთხრობები და ნოველლები ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში – „ცისკარი“, „ლიტერატურული საქართველო“,  “ლიტერატურული გაზეთი”, „განთიადი“, „ანეული“, “არავი”.
გამოცემული მაქვს „ემიგრანტის ჩანაწერების“ ციკლი – მოთხრობების ოთხი კრებული:
წიგნი I – „შინისაკენ“ (გამომცემლობა ინტელექტი, 2018, გამომცემლობა „წიგნი+ერი“, მეორე გამოცემა 2020); 
წიგნი II – „ომიდან ომამდე… და შემდეგ“ (გამომცემლობა წიგნი+ერი, 2019).
წიგნი III – „ნუ მოკლავთ დაღლილ ანგელოსს!“ (გამომცემლობა წიგნი+ერი, 2020).
წიგნი IV „ძნელი თავისუფლება“ ავტორის მეოთხე, ორენოვანი, ქართულ-იტალიური წიგნია (გამომცემლობა წიგნი+ერი, 2021).  

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და მცდელობა, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება?

ძნელია – ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვურჩიო, ქვეყანას ნუ დატოვებთ, ბოლომდე უერთგულეთ მამა-პაპათა საძვალეს-თქო. მით უმეტეს, ისეთი ადამიანისგან, მათ თვალში დასაღუპად განწირული გემიდან თავის გადასარჩენად გადამხტარ ვირთხას რომ ჰგავს, რჩევას, ალბათ, არც მიიღებენ. ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა გაიარონ რაღაც პერიოდი  საზღვარგარეთ. აიმაღლონ კვალიფიკაცია და ქვეყანას დაუბრუნდნენ პროფესიონალები – ქვეყანასაც ეშველება და ისინიც მოიწევენ მათი დათესილი სიკეთის შედეგებს.  საქართველოში პროფესიონალები ჭირსო, ამბობენ. არ ვიცი, მართალია თუ არა ეს. საერთოდ პროფესიონალები ყველგან და ყველაფერში ძალიან საჭირონი არიან.

ჩემმა თაობამ ბევრი დაუშავა საკუთარ ქვეყანას. ზედმეტად ბევრი გავაფუჭეთ. ერთ დათო ახრახაძეზე ხუთი მოდიოდა დუბაიში სავაჭროდ გამფრენ-მომფრენი ახალგაზრდა (ვინც არ იცის, მათთვის: ერთი ახალგაზრდა ბიჭს სოხუმში ქვეყნის დასაცავად წასულს და სასიკვდილოდ დაჭრილს სიცოცხლე შეუნარჩუნეს, ფეხი კი ვერა. ცალი ფეხით და ყავარჯნებით მიბრუნდა ფრონტზე). ვერ ივარგა ჩემმა თაობამ – ათი შეკელის ქვეყნისთვის დადების ჭკუა და სული არ ეყო. და, ამის გამო იყო სწორედ აფხაზეთი რომ მოგვგლიჯეს. მერე სამაჩაბლოც მოგვგლიჯეს. დროებით მოგვგლიჯეს ორივე მხარე. ხელი სამარცხვინო კაპიტულაციას მოვაწერეთ. კიდევ უფრო მეტი ბოროტება ჩავიდინეთ – ევროგაერთიანების 1633 დადგენილებას მოვაწერეთ ხელი, რითაც მომავალ თაობას წავართვით აფხაზეთ-სამაჩაბლოს პირდაპირი შემოერთების შესაძლებლობა. ის, რაც არ იკადრა მენშევიკურმა მთავრობამ 1921 წელს, ვიკადრეთ 2008 წელს. ახლა ვლოცულობ. რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს უკრაინამ, აგრესორებთან ომში და უბრალოდ კი არ გაიმარჯვოს, მაგრესორის განადგურებით გაიმარჯვოს – მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას.

კიდევ გავიმეორებ თქვენს კითხვას – რას ვურჩევ მათ, ვისაც უცხო ქვეყანაში უნდათ საკუთარი თავის რეალიზება?  – ვურჩევ კარგად აწონ-დაწონონ, სად და რისთვის მიდიან. მიზანმიმართული ადამიანები წარმატებას უფრო ხშირად აღწევენ, ვიდრე „ოღონდ წავიდე და რაღაც იქნება“-ადამიანები. ვურჩევ, ნუ აჰყვებიან ფეხის ხმას – თითქოს, ევროპასა და ამერიკაში ყველაფერი თავისთავად მოდის ან ფული ხეებს ასხია. მუშაობა და მუშაობა ძევს წარმატების ქვეშ – მძიმე, ყოველდღიური მუშაობა. ადამიანებთან ურთიერთობის უნარი და სიცოცხლის ხალისი ქართველებს არავისგან გვესწავლებოდა ადრე – ბოლო დროს  უღიმილო საზოგადოება სჭარბობს. ძველი, ღიმილისდროინდელი ადამიანები მენატრება – აქ ამის გარეშე გაგიჭირდებათ. და, ყველაზე მთავარი – ადამიანობა, სხვისი სიხარულის გულწრფელად გაზიარება, ჩვენი დროებითი ემიგრანტების უახლოეს ნათესავად მიღება ყველაზე კარგი საშუალებაა ემიგრანტული სიმძიმის დასაძლევად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0