close
კვლევები

ადამიანის დაბერების პროცესი დაახლოებით 44 და 60 წლის ასაკში ჩქარდება – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის სხეული ყოველთვის ერთნაირი ტემპით არ ბერდება, არამედ ეს პროცესი დაახლოებით 44 და 60 წლის ასაკში საგრძნობლად ჩქარდება.

მეცნიერები ამის დასადგენად ადამიანის სხეულში არსებულ 11 000-ზე მეტ მოლეკულას დროთა განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად გაირკვა, რომ მათი 81 პროცენტი 44 და 60 წლის ასაკში განსაკუთრებულ ცვლილებას განიცდის. სპეციალისტთა ეს კვლევა ბიოლოგიურ ასაკს ეხება, რომელიც ცილების, მეტაბოლიტებისა და გენების ცვლილებას მოიაზრებს. ეს განსხვავდება ქრონოლოგიური ასაკისგან, რომელსაც ყოველ წელს აღვნიშნავთ.

ის, რომ დაბერება ორ სხვადასხვა ეტაპზე ჩქარდება, შესაძლოა, სპეციალისტებს იმის გაგებაში დაეხმაროს, თუ რატომ იზრდება ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემის რისკი ქრონოლოგიური ასაკის მატებისას. მაგალითად, 40-59 ასაკის ადამიანთა დაახლოებით 6.5%-ს კორონარული არტერიის დაავადება აქვს, მაგრამ ეს მაჩვენებელი 60-79 წლის ასაკში უკვე 19.8%-მდე ადის.

კვლევის ფარგლებში ავტორები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და 25-დან 75 წლამდე ასაკის 108 ადამიანს რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ 3-6 თვეში ერთხელ სისხლის ნიმუშებს უღებდნენ. მიზანი ამა თუ იმ ფაქტორის ცვლილების გაანალიზება იყო, როგორიცაა გენური აქტიურობა, სისხლში შაქრის შემცველობა და სხვა. აღმოჩნდა, რომ მკვეთრი ცვლილებები სწორედ 44 და 60 წლის ასაკში ფიქსირდებოდა.

მაგალითად, ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ცილის კონცენტრაცია იმატებდა, კოფეინისა და ალკოჰოლის გადამუშავების უნარი კი უარესდებოდა. ასევე, მავნე ქოლესტერინთან “მებრძოლი” უჯერი ცხიმმჟავების წარმოქმნის პროცესი ფერხდებოდა, სისხლში შაქრის შემცველობა იზრდებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ ხდება ასე მაინცდამაინც ამ ორ ასაკში. შესაძლოა, გარკვეულ როლს ცხოვრების სტილი ასრულებდეს, მაგალითად დიეტა, ვარჯიში და ა.შ. ვარაუდობენ, რომ ეს კავშირშია ანთებით პროცესებთანაც. 44 წლის ასაკში დაბერების აჩქარება ქალებში პერიმენოპაუზის პერიოდსაც ემთხვევა, თუმცა ჰორმონალური ცვლილებები სწრაფი დაბერების მაპროვოცირებელი არაა, თანაც ეს კაცებშიც იმავენაირად ფიქსირდება.

გაურკვეველია, თუ რა ხდება სხვა ასაკობრივ კატეგორიებში, კერძოდ მოზარდობისას და ბავშვობისას. დაბრკოლებაა საკვლევი ჯგუფის მცირერიცხოვნობაც, რადგან ისინი გლობალურ მოსახლეობაზე სრულ წარმოდგენას ვერ გვიქმნის. შესაბამისად, მეტის გასაგებად სხვა სიღრმისეული კვლევების ჩატარებაცაა საჭირო.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0