close
ტექნოლოგიები

ადამიანის ტვინის ქსოვილისგან ფუნქციური კომპიუტერი შექმნეს

არ არსებობს ადამიანის ტვინისავით ძლიერი და კომპლექსური კომპიუტერი. თავის ქალის შიგნით მოქცეული ქსოვილი ისეთი მოცულობის ინფორმაციას ამუშავებს ისეთი სისწრაფით, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია ამასთან ახლოსაც ვერ მივა.

ტვინის წარმატების საიდუმლო ისაა, რომ ნეირონები პროცესორის როლსაც ეფექტიანად ასრულებს და მეხსიერების აპარატისასაც. განსხვავებით ტვინისგან, თანამედროვე გამოთვლით მოწყობილობებში ესენი ფიზიკურად განცალკევებული ერთეულებია.

მსოფლიოს მეცნიერებს აქამდე არაერთხელ უცდიათ, გამოთვლები ადამიანის ტვინისათვის მეტად მიემსგავსებინათ. ახალი ნაშრომის ფარგლებში მკვლევრებმა წინ წაიწიეს — მათ ადამიანის ტვინის ნამდვილი ქსოვილის ელექტრონიკასთან ინტეგრაცია შეძლეს.

ინოვაციას Brainoware ეწოდება და იგი ნამდვილად მუშაობს — ფენგ გუომ, ინჟინერმა და მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელმა, მას სხვადასხვა მოქმედება შეასრულებინა წარმატებით, მათ შორის საუბრის ამოცნობა და არაწრფივი განტოლებების პროგნოზირება.

იგი ოდნავ უფრო უზუსტო აღმოჩნდა, ვიდრე ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ნამდვილი ელექტრონული კომპიუტერი. მთავარი ისაა, კვლევის ფარგლებში პირველი ნაბიჯი გადაიდგა ახალი ტიპის კომპიუტერული არქიტექტურისკენ.

Brainoware-ის შექმნისას მეცნიერებმა ეთიკური პრინციპები დაიცვეს. მეორე მხრივ, სფეროს სხვა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიის დახვეწისას ეთიკის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია.

გუომ და მისმა კოლეგებმა ტრადიციულისგან განსხვავებულ მიდგომას მიმართეს. მათ ადამიანის ტვინის ნამდვილი ქსოვილი გამოიყენეს, რომელიც ლაბორატორიაში გაზარდეს. ადამიანის პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისგან მათ სხვადასხვა ტიპის ტვინის უჯრედები შექმნეს. ისინი სამგანზომილებიან მინიტვინებად, სახელად ორგანოიდებად, განლაგდა. მათ კავშირები და სტრუქტურები ისევე განუვითარდა, როგორც ნამდვილ ტვინშია. წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0