close
მედიცინა

„ალერგია არის განვითარებული, სუფთა და ცივილური ქვეყნების დაავადება“ – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგიის გავრცეებულ ფორმებზე, მის მაპროვოცირებელ ფაქტორებზე, მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე, გვესაუბრა ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. აქვე თქვენ იხილავთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც ბავშვებში ალერგიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

 

ძირითადად რაზე აქვთ თქვენი პაციენტების უმეტესობას ალერგია?

– ალერგია მრავალფეროვანი არსებობს და მისი ძირითადი სამიზნე ორგანოებია, პირველ რიგში, კანი მისი ფორმებია ატოპიური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, სასუნთქი გზები – სასუნთქი გზების ალერგია, საერთოდ ყველაზე მრავალრიცხოვანია, არა მარტო ჩვენს პაციენტებში, არამედ მთელ მსოფლიოში. სასუნთქი გზების ალერგიიდან ყველაზე  ხშირად, დაახლოებით 400 მლნ ადამიანს მსოფლიოში აქვს ალერგიული რინიტი, ეს შეიძლება იყოს სეზონური, რომელსაც წელიწადის გარკვეულ დროს ახასიათებს მარტო სიმპტომების გამოვლინება და შეიძლება იყოს მთელი წლის მანძილზე. ასევე, ყველაზე რთული დაავადება ჩვენი ქვეყნის ალერგოლოგებისთვის, არის ბრონქული ასთმა, რომელიც 2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 300 მლნ ადამიანს აქვს. ანუ სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები ითვლება ყველაზე უფრო ხშირ ალერგიულ დაავადებებად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანაც იმავე სტატისტიკას იმეორებს.

სასუნთქი გზების ალერგია, როგორც აღვნიშნე,  არის – რინიტი, თვალის ალერგიული ანთება ანუ თვალის ლორწოვანი ანთება და  ბრონქული ასთმა. შესაბამისად ეს სიმპტომები ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სეზონურად ან არასეზონურად. თუ სეზონურია და წლის კონკრეტულ მონაკვეთში აწუხებს პაციენტს, მაშინ, ძირითადად  ალერგიას იწვევს მცენარეული მტვერის სუნი და სხვადასხვა მცენარე. საქართველოში, მაგალითად, ეს ყვავილობა იწყება იანვრის ბოლოდან, თებერვლის დასაწყისიდან და თითქმის ნოემბრის ბოლომდე გრძელდება და, შესაბამისად, თუ ალერგიულ ადამიანს, მაგალითად, სიმპტომები აქვთ აგვისტოში და სექტემბერში, ან ახლა – მაისსა და ივნისში, ჩვენ ვიცით ალერგოლოგებმა და სინჯებით ვადგენთ გამომწვევ მიზეზებს. ვთქვათ, აგვისტოსა და სექტემბერში ალერგიის გამომწვევი არის ამბროზიის ყვავილი და ეს არის მთვარი „დამნაშავე“, ასევე ბაბუაწვერა და მრავალძარღვა.

არის როცა მთელი წელი აწუხებს ადამიანს ალერგია. ამ შემთხვევაში, დიაგნოსტიკის შემდეგ, დადგენილი მიზეზი არის ოთახის მტვრის ტკიპა.არიან ასეთი არსებები, რომლებიც სახლში ცხოვრობენ – ლეიბებში, საწოლებში, ხალიჩებში და ამიტომ ადამიანს როცა მის მიმართ აქვს ალერგიული მგძნობელობა და ცხვირში მოხვდება, გამოიწვევს ცხვირის გაჭედვას, ცემინებას, თუ ბრონქში ჩააღწია, გამოიწვევს ბრონქის შევიწროვებას და შესაბამისად, ხველას, სულის დახუთვას ანუ სუნთქვის გაძნელებას, ეს არის ასთმის ფორმა. ამიტომ, ყველაზე უფრო რთული არის სასუნთქი გზების ალერგია და მისი გამომწვევი მიზეზები.

შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ის პროდუქტები, რომლებსაც პატარა ბავშვები უნდა მოვარიდოთ, რომ შემდეგ ალერგიულები არ იყვნენ…

– ყველაზე ხშირად, ბავშვთა ასაკში ალერგიის გამომწვევი  6 გამოკვეთლი ალერგიული პროდუქტია, რომელსაც დიდი ექვსეული ჰქვია.

6 წლამდე ბავშვებში ალერგიის გამომწვევია, ძირითადად – ძროხის რძე, კვერცხი, თევზეული, ტკბილეული, ხორბალი და სოიო.  ალერგიას ასევე გარკვეულწილად შეიძლება პროვოცირებას უწევდეს იგივე მარწყვი, ფორთოხალი და ციტრუსები.

მაგალითად, ადამიანს კვერცხზე თუ აქვს ალერგია, კვერცხის ნებისმიერი შემცველობის საკვები მას  სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს მისცემს, შეაშუპეპს, ჭინჭრის ციებას დამართებს, მაგრამ მარწყვზე,  შოკოლადზე, და ძირითადად, ციტრუსზე, არის რეაქცია, რომელიც მათი ჭარბი და არაზომიერი გამოყენების შემდეგ ვითარდება.მაგალითად, ერთი ცალი მარწყვი არავის არ სწყენს და ერთი ფილა შოკოლადი, იშვიათია ასეთი რამ. მაგრამ თუ პაციენტმა, ბავშვმა, მიირთვა დიდი რაოდენობით და ყოველდღიურად, მაშინ ეს უკვე დაგროვებითია. ამას ჰქვია დოზადამოკიდებული რეაქცია. რაც უფრო მეტს შეჭამ, მით უფრო მეტია რისკი, გაწყონოს, ამიტომ, ზომიერება არის მთავარი, ზომიერება არის ოქროს თვალები.უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ორგანულ, სოფლის პირობებში და პესტიციდების გარეშე მოყვანილ  პროდუქტზე გვქონდეს აქცენტი, რადგან  იგივე გენმოდიფიცირებული პროდუქტები და ა.შ. იწვევს მეორად ალერგიას.

ალერგია შეიძლება გენეტიკურად გადაეცემოდეს?

ალერგიის უდიდესი ნაწილი არის გენეტიკური, ეს დადგენილია. თუ ერთ მშობელს აქვს ალეგია,  დედას ან მამას ან და-ძმას, მაშინ ეს მეორე შვილს, დაახლოებით 15-20% შემთხვევაში გადაეცემა. თუ ორივე მშობელს აქვს, მათი შვილების ნახევარს ალერგია ემართებათ. უხშირესად, განწყობა ალერგიისადმი გადაიცემა და შემდეგ არსებობს ხელშემწყობი მიზეზები. თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს, არიდებს ალერგენებს თავს და ა.შ. ბავშვობიდანვე აწვდიან ამ ყველაფერს სწორად, შესაძლებელია, მისი გენეტიკა გენეტიკად დარჩეს და არ გამოუვლინდეს ალერგიული სიბტომები. ალერგია არის გენეტიკური განწყობის დაავადება, მაგრამ ის ყოველთვის არ ვლინდება, თუ ჩვენ ამაში არ შევიტანთ დიდ „წვლილს“.

მედიკამენტების გარდა, რას ურჩევდით ალერგიულ ადამიანებს, განსაკუთრებით ალერგიისთვის აქტიურ თვეებში, როგორ იგრძნონ თავი უფრო კომფორტულად?

– თუ ადამიანს სეზონური ალერგია აქვს, წამალი ხანდახან არ არის საკმარისი.

მზიანი და ქარიანი ამინდი თუ არის, დღის საათებში, როცა მზე და ქარია, პიკურ სიტუაციაში, უნდა მოვერიდოთ გარეთ გასვლას და სახლში ვიყოთ. თუ მანქანით გადავაადგილდებით, მანქანის ფანჯრები აწეული უნდა იყოს და კონდიციონერით ვანიავებდეთ და ვაგრილებდეთ მანქანას; სახლში ფანჯრები უფრო დღის მეორე ნახევრიდან უნდა გავაღოთ; როდესაც გარედან სახლში შემოვალთ, გარე ტანსაცმელი უნდა გავიხადოთ და საშინაო უნდა ჩავიცვათ; წყალი უნდა გადავივლოთ, თვალის ან ცხვირის ჰიგიენა წყლით ყოველთვის უნდა გავიკეთოთ, თუ მტვრის ალერგია აქვს ოჯახის წევრს, მაშინ ხალიჩები უნდა იყოს მინიმალური და ლეიბი, საბანი, ბალიში ჰიპოალერგიული უნდა ჰქონდეს; თუ ცხოველის ალერგია აქვს ცხოველი არ უნდა იყოს სახლში. რეკომენდაცია გამომდინარეობს იქიდან, თუ რის მიმართ აქვს ადამიანს ალერგია.

შეიძლება ალერგია მოქმედებდეს ადამიანის ნერვულ სისტემაზე?

რა საკვირველია, ალერგია ხშირად არის სტრესული სიტუაციების გამომწვევი. იგი ადამიანის ფსიქოტიპს გარკვეულ დაღს ასვამს. ეს, გარკვეულწილად, ქრონიკულად მიმდინარე ალერგიას ეხება, უტიკარია – ჭინჭრის ციება ქრონიკულია ადამიანში და ამის გამო სტრესი ემართებათ ხოლმე, იგივე, ვისაც რთულად მიმდნინარე ასთმა აქვს.

ბოლო დროს საკამაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს ალერგია, როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს განპირობებული კლიმატის ცვლილებით, არაჯანსაღი კვებით ან რაიმე სხვა სახის ვირუსული მუტაციით?

– თუ რატომ გაიზარდა ალერგიული დაავადებები ამის ძალიან ბევრი შესაძლო მიზეზი არსებობს, მაგრამ  მუტაციებზე  ლაპარაკი აქ ზედმეტია, არავითარი მუტაცია არ არის. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ადამიანებმა დაიწყეს სუფთად ცხოვრება, უმრავლესობა ინფექციების ვაქცინით არის გაკონტროლებული, ადამიანებსს არ აქვთ შეხება, ასე ვთვათ, იმდენ სიბინძურესთან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სუფთა ცხოვრება, იმუნურმა სისტემამ ალერგიის ინფექციასთან ბრძოლის ნაცვლად გადაინაცვლა ალერგიის მხარეს, ანუ რაც უფრო სუფთა და ცივილური საზოგადოებებია მსოფლიოში, იქ არის მეტი ალერგიული დაავადებები. როდესაც საზოგადოება განუვითარებელია, არქტიკულ ქვეყნებში, ინდოეთსა და პაკისტანში ალერგიული დაავადებები არ აწუხებთ. იქ არის მალარია, ტუბერკულოზი და ა.შ. ალერგია არის განვითარებული, სუფთა და ცივილური ქვეყნების დაავადება.ერთ-ერთი მთავარი, თუ რატომაც გაიზარდა ბოლო 20-30 წელიწადში ალერგიული დაავადებები ამით უფრო აიხსნება, რომ ადამიანებმა დაიწყეს კომფორტული ცხოვრება. ალერგიული დაავადებების გამომწვევი უფრო ანტიბიოტიკებია, ძალიან ფართოდ გამოყენებადი წამლები, მედიკამენტები და ის პროცესირებადი საკვები, რაც მე ვახსენე.  აელრგიის გამრავლების ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, ერთად იმოქმედა იმ ყველა ფაქტორმა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0