close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ამწვავებს თუ არა “იბუპროფენი“ COVID-19-ის ინფექციას და რას გვირჩევენ მედიკოსები ?

გერმანიაში WhatsApp-ის საშუალებით ანონიმური ხმოვანი შეტყობინება გავრცელდა. ქალის ხმა სოციალური მედიის მომხმარებელს აფრთხილებდა, რომ მისი მეგობრის თქმით, რომელიც ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმია, იმ პაციენტებს, რომლებსაც COVID-19-ის მძიმე სიმპტომები აღენიშნებოდათ, ჰოსპიტალში მისვლამდე კარგად ნაცნობი მედიკამენტი -„იბუპროფენი“ – ჰქონდათ მიღებული.
ამ შეტყობინებამ სათავე დაუდო მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, რომ ისეთი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როგორიც „იბუპროფენი“ და „ასპირინია“ ვირუსის უარყოფით შედეგებს აჩქარებს.
მოგვიანებით კომენტარი გააკეთა ვენის საუნივერსიტეტო კლინიკამ და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კვლევა ჩატარებულა და რომ ხმოვანი შეტყობინება „ფეიკ ნიუსი“ იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს მსგავსი ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ირლანდიის ინფექციური დაავადებების საზოგადოებამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქალაქ კორკში ოთხ ადამიანს კორონავირუსის მძიმე ფორმა მას შემდეგ განუვითარდა, რაც ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები მიიღეს.
გარდა ამისა, ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშულია, რომ გარკვეული მედიკამენტები, მათ შირის „იბუპროფენი“ კორონავირუსით დაინფიცირებულ იმ პაციენტებს, რომლებსაც მაღალი წნევა და დიაბეტი აწუხებთ, რისკის ქვეშ აყენებს.
მოგვიანებით, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა, რომელიც პროფეესიით კვალიფიციური ნევროლოგია, განაცხადა, რომ „იბუპროფენი“ და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ახალი კორონავირუსის უარყოფით შედეგებს ზრდის.
ვერანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (მათ შორის „იბუპროფენი“) შესაძლოა დაავადების გაუარესების ფაქტორი იყოს. სიცხის შემთხვევაში მიიღეთ „პარაცეტამოლი.““
იმავე დღეს, საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ COVID-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას „სერიოზული გვერდითი ეფექტები“ აქვს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ეს მოსაზრება ზოგიერთმა ექსპერტმა მკაცრად გააკრიტიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ „იბუპროფენსა“ და კორონავირუსის გართულებას შორის კავშირის მტკიცებულება არ არსებობს.
შოტლანდიის წმინდა ანდრიას უნივერსიტეტის ინფექციური და გლობალური ჯანდაცვის განყოფილების მეცნიერმა მიუგ სევიკმა განაცხადა, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებული „უტიფარი განცხადებების“ გამო შეშფოთებული იყო.
„არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ „იბუპფროფენი“ COVID-19-ით ინფიცირების დროს მდგომარეობის გაუარესებას იწვევს,“ – აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემამ პაციენტებს რეკომენდაცია მისცა, რომ კორონავირუსის სიმპტომების სამკურნალოდ „პარაცეტამოლი“ გამოიყენონ.
რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში?
აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ახადებენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, მათ შორის „იბუპროფენთან“, დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების შესახებ, თუმცა ისინი არ ფლობენ ინფორმაციას იმ კლინიკური მონაცემების შესახებ, რასაც ეს მოსაზრებები ეფუძნება.
„ოფიციალური რეკომენდაციის გაცემამდე აღნიშნულსაკითხზე მტკიცებულებების მოპოვებას განვაგრძობთ,“- აღნიშნავენ „ჯანმოს“ წარმომადგენლები.
ასე რომ, ჯერჯერობით „იბუპროფენის“ გამოყენებასა და კორონავირუსის სიმპტომების გამწვავებას შორის კავშირი არ დადგენილა. თუმცა, ზოგიერთ ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირები COVID-19-ის სიმპტომების სამკურნალოდ მისი გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევიან და მის „გონივრულ ალტერნატივად“ „პარაცეტამოლს“ მიიჩნევენ.

წყარო : Euronews

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0