წარმოიდგინეთ, გაქვთ დროის მანქანა, რომელიც დინოზავრების ეპოქაში დაგაბრუნებთ. უცბად აღმოაჩენთ, რომ მოხვდით გაუვალ, ჭაობიან ტყეში, სადაც ყვავილებს, გვიმრებსა და წიწვოვან მცენარეებს შორის აურაცხელი მწერი ბზუის.
გჯერათ თუ არა, თქვენ დასავლეთ ანტარქტიდაზე ხართ.
ახლახან, გერმანელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა იქ პირველად აღმოაჩინეს ქარვა — განმარხებული „სისხლი“ უძველესი წიწვოვანი ხეებისა, რომლებიც შორეულ წარსულში, დაახლოებით 83-92 მილიონი წლის წინ იზრდებოდნენ დედამიწის ყველაზე სამხრეთ კონტინენტზე.
ფესვების, ყვავილის მტვრისა და სპორების ნამარხებთან ერთად, ქარვის ეს ნატეხი ამ დროისათვის საუკეთესო მტკიცებულებას წარმოადგენს იმისა, რომ შუა ცარცულ პერიოდში, სამხრეთ პოლუსთან არსებობდა ჭაობიანი ტროპიკული ტყე და რომ ამ პრეისტორიულ გარემოში დომინირებდა ისეთი წიწვოვანები, როგორიც დღეს ახალი ზელანდიისა და პატაგონიის ტყეებში გვხვდება.
ანტარქტიდაზე ქარვის აღმოჩენა მეტყველებს, რომ ამჟამად გაყინული ეს კონტინენტი ერთ დროს იმდენად თბილი და ტენიანი იყო, რომ იქ ფისოვანი ხეებიც ხარობდა. შუა ცარცულ ეპოქაში, ამ ხეებს მოუწევდათ გადარჩება ზამთრის სრულიად წყვდიადით მოცულ თვეებში.
თუმცა, აშკარაა, რომ ისინი გადარჩენას ახერხებდნენ იმის მიუხედავად, რომ ალბათ დიდი ხნით უწევდათ მიძინებულ მდგომარეობაში ყოფნა.
ამ აღმოჩენამდე, ქარვის დეპოზიტები მეცნიერებს ყველაზე სამხრეთით ნაპოვნი ჰქონდათ ავსტრალიაში, ოტვეის აუზსა და ახალ ზელანდიაში, ტუპუანგის ფორმაციაზე.
„ძლიერ ამაღელვებელი იყო იმის გაცნობიერება, რომ ისტორიის რაღაც მომენტში, შვიდივე კონტინენტზე იყო ისეთი კლიმატური პირობები, რომ ფისოვანი ხეები გაზრდილიყო. ახლა ჩვენი მიზანია, მეტი შევიტყოთ ამ ტყის ეკოსისტემის შესახებ — შევძლებთ თუ არა ქარვის ამ ნატეხში სიცოცხლის კვალის პოვნას. ეს აღმოჩენა წარსულში მოგზაურობის კიდევ ერთ უფრო პირდაპირ გზას გვთავაზობს“, — ამბობს გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის საზღვაო გეოლოგი იოჰან კლაგსი.
განმარხებულ მერქნებსა და ფოთლებს მეცნიერები ანტარქტიდაზე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან პოულობენ, მაგრამ ამ აღმოჩენათაგან მრავალი, ასობით მილიონი წლის წინანდელია, იმ პერიოდის, როცა არსებობდა სამხრეთი სუპერკონტინენტი გონდვანა. მას შემდეგ, რაც ანტარქტიდა ავსტრალიას და სამხრეთ ამერიკას მოსწყდა და სამხრეთ პოლუსისკენ დაიძრა, უცნობია, რა დაემართა მის ტყეებს.
2017 წელს, დასავლეთ ანტარქტიდის სიახლოვეს მკვლევრებმა ზღვის ფსკერი გაბურღეს და ამ დიდი ხნის წინ დაკარგული ჰაბიტატების განსაკუთრებით კარგად შემონახული მტკიცებულება ამოიღეს.
რამდენიმეწლიანი ანალიზების შემდეგ, კლაგსმა და მისმა კოლეგებმა 2020 წელს განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს შუა ცარცული პერიოდის განმარხებული ფესვების ქსელი. მიკროსკოპით მათ ასევე გამოავლინეს ყვავილის მტვრისა და სპორების მტკიცებულება.
იგივე ნაბურღი ახლა კონკრეტულ მტკიცებულებას გვთავაზობს იმისა, რომ ანტარქტიდაზე ერთ დროს მართლაც იზრდებოდა ფისოვანი ხეები.
თიხის ქვის (არგილიტი) სამი მეტრის სიგრძის ფენაში, კლაგსმა და მისმა ახალმა ჯგუფმა ქარვის რამდენიმე ციცქნა ნაჭერი აღწერა, მათი ზომა სულ რაღაც 0,5 – 1 მმ იყო. თითოეული მათგანი მოყვითალო-მონარინჯისფრო იყო, ზედაპირზე მათთვის დამახასიათებელი ნამგლისებრი ბზარებით.
ეს კი ფისის დინების ნიშანია, რაც მაშინ ხდება, როცა ხიდან წვენი ჟონავს, რათა ხანძრის ან მწერების მიერ მიყენებული დაზიანებები ამოავსოს და დალუქოს.
ცარცული ეპოქა დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თბილი პერიოდი იყო. ანტარქტიდასა და ახლომდებარე კუნძულებზე აღმოჩენილი ვულკანური დანალექები გვთავაზობს მტკიცებულებას იმისა, რომ იმ პერიოდში ხშირი ყოფილა ტყის ხანძრები.
სავარაუდოდ, ქარვა იმიტომ შეინახა და განმარხდა, რომ აწეულმა წყლის დონემ სწრაფად დაფარა ხის ფისი და ამით ის ულტრაიისფერი სინათლისა და ოქსიდაციისგან დაიცვა.
სავარაუდოდ, ქარვა ხის ქერქის ციცქნა ნაჭრებსაც შეიცავს, მაგრამ ამის დასადასტურებლად დამატებითი ანალიზებია საჭირო.
ასე, მინიატურული ნაწილებით, მეცნიერები თანდათან ქმნიან სურათს იმისა, როგორ გამოიყურებოდა ანტარქტიდის ტყე ძლიერ შორეულ წარსულში, 90 მილიონი წლის წინ.
მომზადებულია awi.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”