კმარა სასტიკი მოპყრობა ბიომრავალფეროვნების მიმართ, საკუთარი თავების
ნახშირბადით დახოცვა, კმარა ბუნების მიმართ ისეთი მოპყრობა, თითქოს
ტუალეტია,- ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა
გლაზგოში, კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას კაცობრიობა უფსკრულის
კიდემდე მიჰყავს.
„ჩვენს დამოკიდებულებას წიაღისეულ საწვავზე კაცობრიობა უფსკრულის
კიდემდე მიჰყავს. მკვეთრი არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან ჩვენ უნდა
შევაჩეროთ ის, ან ის შეგვაჩერებს ჩვენ,“-აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
გლაზგოში კლიმატის ცვლილებების კონფერენცია- COP26- მიმდინარეობს,
რომელიც 31 ოქტომბერს გაიხსნა და 12 ნოემბრამდე გაგრძელდება. სამიტის
მონაწილე 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის
შეჩერებაზე შეთანხმდნენ. მათ პირობა დადეს, რომ პლანეტის მასშტაბით მწვანე
საფარის მასობრივი განადგურების წინააღმდეგ საერთო ჯამში ისინი 19.2
მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფენ. ამასთან, ლიდერები შეუერთდნენ აშშ-სა და
ევროკავშირის ინიციატივას, “მეთანის გლობალური ვალდებულების პაქტს“,
რომელიც 2030 წლისთვის, 2020 წელთან შედარებით, მეთანის ემისიის 30%-ით
შემცირებას ითვალისწინებს.
წყარო : news.un.org , Reuters
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”