თუ აქამდე მეცნიერებმა კონკრეტულ ფენომენამდე და მის შემდეგ მიმდინარე მოვლენების შესახებ იცოდნენ, ახლა პირველად ისტორიაში მთავარი მოვლენა დააფიქსირეს — თუ როგორ ანადგურებს მომაკვდავი ვარსკვლავი ორბიტაზე მოძრავი პლანეტებიდან ერთ-ერთს.
მართალია, თეორია უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ამის პრაქტიკაში გამოკვლევა ასტრონომებს დაეხმარებათ გაიგონ, რა ემართება პლანეტარულ სისტემას, როცა ვარსკვლავი დრამატული სიკვდილის ფაზას უახლოვდება — ანუ მაშინ, როცა ჩვეულ ზომაზე ასჯერ დიდი ხდება. ამ დროს შთანთქავს ყველაფერს, რაც გზად ხვდება მანამ, სანამ აფეთქდება და ცხელ მანათობელ ვარსკვლავურ ნარჩენად წარმოგვიდგება.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა უშუალოდ მოქმედება დაინახეს, თანაც, დედამიწიდან 12 000 სინათლის წლის მანძილზე. აქ ვარსკვლავის სიკაშკაშე ძალიან სწრაფად იმატებს, თუმცა ამავე ტემპით იკლებს და ინფრაწითელ შუქსაც ასხივებს — იმ მოდელის მსგავსია, რომელიც აღწერს, რა მოხდება მზის სიცოცხლის დასასრულს და რა მოუვა ჩვენს გალაქტიკას.
„ასე დედამიწის მომავალს ვხედავთ. თუ ჩვენ სხვა ცივილიზაციები 10 000 სინათლის წლიდან გვაკვირდებოდა მაშინ, როცა მზე შთანთქავდა დედამიწას, ისინი დაინახავდნენ, როგორ განათდებოდა მზე უცბად მატერიის გამოშვების გამო, როგორ ჩამოაყალიბებდა მტვერს მის ირგვლივ მანამ, სანამ ძველ ფორმას დაიბრუნებდა“, — აცხადებს ასტროფიზიკოსი კიშალაი დე.
ამ ნათებას კიდევ უფრო ახლოდან რომ დაჰკვირვებოდნენ, Keck-ის ობსერვატორიის მონაცემები გამოიყენეს და ქიმიური შემადგენლობაც შეისწავლეს. შედეგებმა გარკვეული უცნაურობაც გამოავლინა. ვარსკვლავმა ისეთი ელემენტების ნიშნები აჩვენა, რომლებიც წესით ცივი გარემოსთვის არის დამახასიათებელი — იქნება ეს ტიტანის ოქსიდი თუ ვანადიუმის ოქსიდი, და არა ის, რასაც ჩვეულებრივ მსგავსი ვარსკვლავისგან ველით.
მეცნიერული ლიტერატურა კი ასტრონომებს მიანიშნებთ, რომ ის გზა, რომლითაც ეს სინათლე გაჩნდა, აფეთქდა და მოკვდა, ზუსტად იმ აფეთქების მსგავსია, რომელსაც წითელ ნოვას უწოდებენ. ამას კი უკვე ბინარული ვარსკვლავების შეჯახება იწვევს. თუმცა ენერგია, რომელსაც იგი აწარმოებს, იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე წითელი ნოვასგან ელოდნენ — ეს ფაზლის ბოლო ნაწილს წარმოადგენს.
გუნდის ანალიზის თანახმად, პლანეტა მაქსიმუმ იუპიტერის მასაზე 10-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო… ხოლო მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა იგი „გადაყლაპა“, გარსმა გაციება დაიწყო, ჩამოაყალიბა მტვრის ღრუბელი ვარსკვლავის ირგვლივ, რამაც ზუსტად ის ინფრაწითელი ნათება შემოგვთავაზა, რომელიც Palomar-ის ობსერვატორიაში შეისწავლეს.
მეცნიერთა თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მიგვითითებს, რომ პლანეტარული სისტემის ევოლუციაში რაღაცები არ ვიცით. მსგავს მოვლენას subluminous red novae უწოდეს და სწამთ, რომ ZTF SLRN-2020 დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ მიმდინარე პროცესები, იქნება ეს სინათლე, ქიმიური შემადგენლობა თუ სხვა მაჩვენებლები. მათივე გამოთვლებით, მსგავსი შემთხვევა წელიწადში რამდენიმეჯერ უნდა ხდებოდეს…
„ათწლეულების მანძილზე შეგვეძლო დაგვენახა მანამდე და შემდგომ მოვლენები. ხოლო ის, რაც გვაკლდა სწორედ ვარსკვლავის მოქმედებაში გამოჭერა იყო და სწორედ ეს ხდის ამ აღმოჩენას გასაოცარს“, — ამბობს დე.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”