ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში მუსიკალური ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.
კვლევა National Geographic Explorer-ის მიერ ფინანსდებოდა. ინდოელი ბიოლოგებისა და ვულვერჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევრების მიზანი ამფიბიების ახალი სახეობების აღმოჩენა და შესწავლა იყო.
ახალ სახეობას, მდინარე ნოა-დიჰინგთან აღმოჩენის შემდეგ, ნოა-დიჰინგის მუსიკალური ბაყაყი (Nidirana noadihing) უწოდეს.
„ახლად აღმოჩენილი სახეობა ექვსი სანტიმეტრის სიგრძისაა, ის ღია კრემისფერია და ბაყაყისთვის უნიკალურ ხმებს გამოსცემს. მისი ხმა პირველად ჭაობიდან, მდინარე ნოა-დიჰინგთან ახლოს მოგვესმა. ეს ველური იხვის ხმა გვეგონა, მაგრამ მისი შემოქმედი ბაყაყი აღმოჩნდა”, – თქვა ექიმმა დიპაკ ვეერაპანმა, ჰერპეტოლოგმა და ვულვერჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
ახლად აღმოჩენილმა ბაყაყებმა მკვლევრებში ინტერესი მხოლოდ ხმის გამო არ აღძრეს. მათი თქმით, ამ ბაყაყებს შეწყვილების გამორჩეული მეთოდი აქვთ და შთამომავლობასაც სხვა ბაყაყებისგან განსხვავებულად ზრდიან. ცალკე ინტერესს იწვევს უშუალოდ ეს რეგიონი.
„ერთი წლის განმავლობაში აქ ამფიბიების სამი ახალი სახეობა აღმოვაჩინეთ. ეს ამ რეგიონის მიმართ ინტერესს ზრდის და ხაზს უსვამს მეტი კვლევის საჭიროებაზე”, – თქვა ვეერაპანმა.