close
ასტრონომია - კოსმოსი

აღმოჩენილია დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე 2 შავი ხვრელი

ასტრონომებმა 2 ახალი შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომლებიც აქამდე მიგნებულ სხვა მსგავს ობიექტებთან შედარებით დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. ესენია Gaia BH1 და Gaia BH2, რომლებსაც კოსმოსური ობსერვატორიის Gaia მეშვეობით მიაკვლიეს.

Gaia BH1-ისგან 1 560 სინათლის წელი გვაშორებს და ის გველისმჭერის თანავარსკვლავედშია განლაგებული, ხოლო Gaia BH2 ჩვენგან 3 800 სინათლის წლის დისტანციაზე, კენტავრის თანავარსკვლავედშია. მათში განსაკუთრებული ისაა, რომ თითოეულის გარშემო კომპანიონი მნათობები იმაზე დიდ მანძილზე მოძრაობს, ვიდრე ასეთ სისტემებში აქამდე დაფიქსირებულა.

ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული შავი ხვრელები განსხვავებულ ტიპს მიეკუთვნება. ისინი ე.წ. რენტგენულ ბინარულ სისტემებს არ ჰგავს, რომლებსაც მაღალენერგიული რენტგენული და რადიო გამოსხივება ახასიათებს, რაც მათ პოვნას ამარტივებს. Gaia BH1-ისა და Gaia BH2-ის არსებობა მეცნიერებმა მეზობელ ვარსკვლავებზე გრავიტაციული გავლენით გამოავლინეს. ვარაუდობენ, რომ მათი ფორმირების ისტორია ასევე სხვაგვარი უნდა იყოს, მაგრამ როგორი, ჯერჯერობით გაურკვეველია.

სპეციალისტები უკანასკნელ აღმოჩენაში Gaia-ს მნიშვნელობას აღნიშნავენ, რადგან მან შეძლო, რომ შავი ხვრელების ზემოქმედებით გამოწვეული ვარსკვლავთა მცირე მოძრაობა დაეფიქსირებინა. ეს მონაცემები სხვა ობსერვატორიების დაკვირვებებითაც გამყარდა. უნდა ითქვას, რომ ამ ობიექტების მიმდებარედ სინათლის კვალს ვერ მიაგნეს, რაც მიუთითებს, რომ მატერიას აქტიურად არცერთი მათგანი შთანთქავს, ანუ მათ მოვლენათა ჰორიზონტს ბევრი ნაწილაკი არ ლახავს.

მეცნიერები გეგმავენ, რომ Gaia-ს მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უფრო მეტი ასეთი ბინარული სისტემა შეისწავლონ. ობსერვატორიის მიერ 66-თვიანი დაკვირვებების შედეგად მოპოვებული ახალი მონაცემები 2025 წელს იქნება ხელმისაწვდომი.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0