აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ვაქცინაციის სარგებელი რისკებს აღემატება.
თუკი სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ექსპერტების რჩევას გაითვალისწინებს და ამ ასაკის ბავშვების აცრის ნებართვას გასცემს, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მომავალ კვირაში შეიკრიბება იმისთვის, რომ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცეს.
კომპანიების, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ განცხადებით, მათმა ვაქცინამ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-იანი ეფექტურობა აჩვენა. კომპანიებმა ახლახან კლინიკური ცდის შედეგები გაასაჯაროეს, რომელშიც 2 000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილე ვაქცინირებულებს კორონავირუსის მიმართ ისეთივე იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ, როგორც მათზე მოზრდილებს.
თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრან 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.
წყარო : Reuters
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”