მეცნიერებმა ახალი მუტანტი ფერმენტი შექმნეს, რომელიც პლასტმასის ბოთლებს რამდენიმე საათში გადაამუშავებს.
ფერმენტი თავდაპირველად ფოთლების კომპოსტში აღმოაჩინეს, რომელიც ბოთლებს ქიმიურ საშენ მასალამდე შლიდა. დაშლილი მასალა კი შემდეგ მაღალი ხარისხის ახალი ბოთლების შესაქმნელად გამოიყენებოდა, თუმცა იგი ეფექტურობით არ გამოირჩეოდა.
აღმოჩენის უკან მდგარმა კომპანიამ Carbios-მა განაცხადა, რომ მათი მიზანი ნარჩენების გადამუშავებაში ინდუსტრიულ მასშტაბებზე გასვლაა. იგი ისეთ დიდ კომპანიებთანაც კი თანამშრომლობდა, როგორიც Pepsi და L’Oreal-ია. დამოუკიდებელი ექსპერტების თქმით კი, ფერმენტი უდიდესი მიღწევაა.
ამჟამად, პლანეტა მილიარდ ტონაზე მეტი პლასტმასითაა დაბინძურებული და იგი წყლის სამყაროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს. სხვადასხვა კამპანიის მონაწილეების თქმით, პლასტმასის წარმოების შემცირება პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელი ნაბიჯია. Carbios-ის განცხადებით კი ნამდვილი, სწრაფი გადამუშავება პრობლემის მოგვარების ბევრად ეფექტური გზაა.
ახალი ფერმენტის შესახებ კვლევა 8 აპრილს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. მკვლევრებმა მუშაობა 100 000 მიკროორგანიზმის შემოწმებით დაიწყეს, შედეგად კი საჭირო ფერმენტი ფოთლების კომპოსტში იპოვეს. შემდეგ, მკვლევრებმა ფერმენტის უფრო ეფექტური ვერსიის მისაღებად მისი მუტირება მოახდინეს და მიიღეს ახალი ფერმენტი, რომელიც მდგრადობას 72 ცელსიუს გრადუსზეც ინარჩუნებდა — ეს სწრაფი დეგრადაციისთვის იდეალური ტემპერატურაა. შემდეგ ფერმენტი უამრავი პლასტმასის ბოთლის დასაშლელად გამოიყენეს, რომელთა 90% 10 საათში დეგრადირდა, დაშლილი ნივთიერებით კი ახალი პლასტმასის ბოთლები შექმნეს.
ფერმენტის დამატებამდე ნარჩენი ბოთლები ჯერ უნდა დაიფქვას და საკმარისად გაცხელდეს, შესაბამისად ფერმენტით გადამუშავებული პლასტმასი უფრო ძვირი ეღირება ვიდრე თავდაპირველი პლასტმასი.
Carbios აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მარტინ სტეფანმა განაცხადა, რომ კომპანია იქნება პირველი, ვინც მსგავს ტექნოლოგიას ბაზარზე გაიტანს. სტეფანის თქმით, პლასტმასის გამოყენების შემცირება ნარჩენების პრობლემის მოგვარების მხოლოდ ნაწილობრივი გადაწყვეტაა.
“ყველამ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია პლასტმასი საზოგადოებისთვის. იგი საკვებისთვის, სამედიცინო მიზნებისთვისა და ტრასპორტირებაში გამოიყენება. რეალური პრობლემა ნარჩენებია”, — აცხადებს სტეფანი.
პლასტმასის დამშლელი ფერმენტი 2018 წელს მეცნიერთა სხვა გუნდმაც შექმნა. პროფესორი ჯონ მაკგეჰანი, რომელიც გუნდის ერთ-ერთი წევრი იყო აცხადებს, რომ Carbios პლასტმასის დამშლელი ფერმენტების შექმნაში მოწინავე კომპანიაა და ამჟამინდელი სამუშაო მნიშვნელოვანი მიღწევაა.
პლასტმასის სხვა ტიპების დასაშლელად ბიოლოგიური გზების ძებნაში მეცნიერებს გარკვეული პროგრესი აქვთ. მარტში, გერმანელმა მკვლევრებმა ისეთი ხოჭო იპოვეს, რომელიც ტოქსიკურ პოლიურეთანით იკვებება, აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით კი, ცვილის ჩრჩილს პოლიეთილენის პარკის ჭამა შეუძლია.