მეცნიერებმა შექმნეს მედიკამენტი მეზოთელიომის, ანუ აზბესტთან დაკავშირებული კიბოს, სამკურნალოდ, რაც უდიდესი მიღწევაა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.
გლობალურად ყოველწლიურად ათასობით ადამიანს უსვამენ ამ დაავადების დიაგნოზს, რომელიც ვითარდება ფილტვებში და ძირითადად გამოწვეულია სამუშაო ადგილზე აზბესტის ზემოქმედებით. ის არის აგრესიული და მომაკვდინებელი და აქვს გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კოეფიციენტი მსოფლიოში.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი თერაპიის გამოჩენა ნამდვილად შესანიშნავია და ამ დაავადების მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახებისთვის იმედის მომცემი უნდა იყოს.
საერთაშორისო დონის ცდაში, რომელიც ხუთ ქვეყანას მოიცავდა და რომელიც ლონდონის დედოფალ მერის სახელობის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა, ახალმა მედიკამენტმა, რომელიც სიმსივნისთვის საკვების მიწოდებას წყვეტს, ოთხჯერ გაზარდა გადარჩენის სამწლიანი მაჩვენებელი. შედეგები ჟურნალ JAMA Oncology-ში გამოქვეყნდა.
„ამ ცდამ შეცვალა მეზოთელიომის მქონე ადამიანების ცხოვრება. ის საშუალებას გვაძლევს, უფრო დიდხანს ვიცხოვროთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა, რომელმაც წამლით ისარგებლა. აღნიშნულ პაციენტს ოთხი თვის სიცოცხლე მისცეს, მაგრამ ცდაში მონაწილეობის შედეგად ხუთი წლის შემდეგაც ცოცხალია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ გარღვევა მნიშვნელოვანია, რადგან მეზოთელიომას აქვს გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ახალი პრეპარატი, ADI-PEG20 (პეგარგიმინაზა), ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი ისეთი მედიკამენტია, რომლის შერწყმაც ქიმიოთერაპიასთან წარმატებით ხორციელდება.
კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, იტალიიდან და ტაივანიდან და მას ხელმძღვანელობდა პროფესორი პიტერ შლოსარეკი. თითოეულ პაციენტ ყოველ სამ კვირაში 6-კვირიანი ქიმიოთერაპიის კურსი უტარდებოდა. ორი წლის განმავლობაში ცდაში ჩართული პაციენტების ნახევარს, პარალელურად, ახალი მედიკამენტის ინექციებსაც უკეთებდნენ, ხოლო მეორე ნახევარს პლაცებოს.
კვლევა 2017-2021 წლებში ხუთი ქვეყნის 43 ცენტრში ჩატარდა.
„კვლევამ აჩვენა, რომ პეგარგიმინაზა-ქიმიოთერაპიამ მნიშვნელოვნად გაზარდა გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი 1,6 თვით და გააოთხმაგა სიცოცხლის ხანგრძლივობა პლაცებო-ქიმიოთერაპიასთან შედარებით“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
ექსპერტები იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალში ეს მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება, როგორც სტანდარტული ვარიანტი ყველა პაციენტისთვის.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”