სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში გავრცელებული “ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი” ქართული მხედრული დამწერლობის მოდიფიცირებული ვერსიაა. ამ ანბანით წერდნენ საიდუმლო წერილებს, ავგაროზებსა და კარაბადინებს. სპეციალისტების აზრით, დედაბრული ხელი შექმნეს ქალებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული ანბანი, ვინაიდან დედაბრული ხელი სამივე მათგან აერთიანებს. ვარაუდობენ, რომ დედაბრული ხელი საიდუმლო მიმოწერისთვის შეიქმნა და ოსმალთა ბატონობის დროს ქართული ენის დასაცავად გამოიყენებოდა.
ჯერ ბოლომდე შეუსწავლელი დედაბრული ხელის შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია. ზოგიერთ ასოთა მოხაზულობა ემსგავსება XI საუკუნის ადრეულ მხედრულ მოხაზულობებს, თუმცა დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება. ანბანში 32 ასოა, მოხაზულობა კუთხოვანია და ასოების მნიშვნელობაც ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია. სიტყვები არ არის ერთმანეთისგან დაშორებული და თანხმოვნებს შორის ხმოვნებს ვხვდებით. თავად ტერმინი „დედაბრული ხელი“ პირველად 1946 წელს გამოიყენა სიმონ ჯანაშიამ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი შექმნა უნდა უკავშირდებოდეს ოსმალთა ბატონობას, ვინაიდან საგანმანათლებლო კერა აჭარაში აღარ არსებობდა, ქალებმა სპეციალური ასოები შექმნეს კულტურის გადასარჩენად და პოლიტიკური მიმოწერის გასაიდუმლოების მიზნით. თუმცა, შემდეგ დედაბრული ხელით დაწერილი წერილებით აგრძელებდნენ ოჯახები ერთმანეთთან ურთიერთობას. როდესაც აჭარიდან მუჰაჯირად წასულებს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ ქობულეთელ მუჰაჯირებთან, ისინი პირად წერილებში სწორედ დედაბრულ ხელს იყენებდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო მას უწოდეს ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელი. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ყველა ასეთი წერილი წინაპრებს საგულდაგულოდ ჰქონდათ დამალული და ძალიან იშვიათად ანდობდნენ სხვას.
ქობულეთის მუზეუმში კინტრიშული კარაბადინის სახელით ცნობილი 7 მეტრის სიგრძის გრაგნილია დაცული. კარაბადინზე დატანილია წარმართული ლოცვები და სხვადასხვა სამკურნალო რეცეპტები დედაბრული ხელით. ასევე სოფელ ქობულეთში აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც დედაბრული ხელით შესრულებული წარწერაა დატანილი. მფლობელები ამბობენ, რომ იგი თავის დროზე სახლის ფასადს ამშვენებდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა და ახლა თითქმის აღარ ჩანს მასზე წარწერა.
დღეს დედაბრული ხელით საქართველოში აღარავინ წერს, დედაბრულის მცოდნეები ისევე უცნაურად გაუჩინარდნენ, როგორც თავის დროზე გამოჩნდნენ. თუმცა მათ მიერ დატოვებული გზავნილების წაკითხვა და გაშიფვრა რამდენიმე ადამიანმა მაინც შეძლო.