close
კვლევები

ბეტონისთვის ყავის ნარჩენების დამატება მას 30%-ით მტკიცეს ხდის — კვლევა

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბეტონში ყავის ნარჩენებით ქვიშის ჩანაცვლება ამ სამშენებლო მასალას დაახლოებით 30%-ით მტკიცეს ხდის. ნაშრომი გამოცემაში Journal of Cleaner Production გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ ყავის დაფქვის შემდეგ ყოველწლიურად დაახლოებით 15 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, ამის უდიდესი ნაწილი კი ნაგავსაყრელზე ხვდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია, ეს ბიონარჩენები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

რაჯიევ როიჩანდის, RMIT უნივერსიტეტის მკვლევრისა და ნაშრომის მთავარი ავტორის, თქმით, მათი მიზანი იყო, ამ ნარჩენებისათვის მშენებლობაში ახალი დანიშნულება გამოეძებნათ.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ ბეტონში ყავის დაუმუშავებელი ნარჩენების გარევა მას ასუსტებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა პიროლიზს მიმართეს და ნარჩენები ჟანგბადისგან დაცლილ ღუმელში 349°C ან 500°C-ზე შეაცხელეს ორი საათით. ასე ორგანული მასალისგან ბიონახშირი მიიღეს.

მკვლევრებმა შემდეგ Portland-ის ცემენტში ორგვარი ფორმის ბიონახშირი გაურიეს და ქვიშა დაახლოებით 20%-ამდე რაოდენობით ჩაანაცვლეს. მათ არაერთი ნარევი შეამოწმეს. ყველაზე ეფექტიანი ის აღმოჩნდა, რომელშიც პიროლიზით 349°C-ზე მიღებული ბიონახშირი გამოიყენეს და მისით ქვიშის 15% ჩაანაცვლეს. ასე ბეტონის სიმტკიცე 29%-ით გაიზარდა.

გარდა ბეტონის გაუმჯობესებისა, ამ ტექნიკით სხვა სარგებლის მიღებაც შეიძლება. კერძოდ, ამ მიდგომის მეშვეობით შესაძლებელია, ქვიშაზე ინდუსტრიის მძაფრი მოთხოვნა შემცირდეს. ეს უკანასკნელი გარემოსათვის მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან, გაეროს კვლევით, ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიარდ ტონა ქვიშას მოიპოვებენ.

კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ინდუსტრიაში უკვე არაერთი ჯგუფის ყურადღება მიიპყრეს. ახლა მკვლევრებს იმის მოფიქრებაღა დარჩენიათ, თუ როგორ აქციონ ყავიანი ბეტონი პრაქტიკულ საშუალებად.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0