ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს 50 წლამდე ასაკის მოსახლეობაში კიბოს შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.
ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელსაც უკვე უწოდეს რევოლუციური და რომელიც ჟურნალ BMJ Oncology-ში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სარძევე ჯირკვლის, ფილტვის, კუჭისა და სწორი ნაწლავის სიმსივნეების სტატისტიკაში. ამიტომ კვლევის ავტორები მოუწოდებენ მოსახლეობას, მეტი ყურადღებით მოეკიდონ ცხოვრების წესის შეცვლას და ადრეული სკრინინგისადმი მიმართვას.
ერთობლივი კვლევა განხორციელდა ჩინეთის ჩეციანზის უნივერსიტეტის ფაკულტეტის, ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების მონაწილეობით.
კვლევის თანახმად, 1990-დან 2019 წლებამდე პერიოდში 50 წლამდე ასაკის ადამიანებში კიბოს ახალი შემთხვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 79%-ით გაიზარდა.
მეცნიერები ამ ცვლილებების მიზეზებზეც ამახვილებენ ყურადღებას და მას კვების თავისებურებებს, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირებენ.
„ჯანსაღი კვების პროპაგანდას, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას (მათ შორის აქტიური დასვენების სუფთა ჰაერზე) შეუძლია შეამციროს ადრეული კიბოს ტვირთი,“ – ნათქვამია კვლევაში.
მკვლევარების ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ სკრინინგის პროგრამებისა და პროფილაქტიკის გაფართოება შესაძლებელია და საჭიროა მათში ადამიანების 40 წლიდან ჩართვა.
ეს საგანგაშო ტენდენცია უკვე გაითვალისწინა ამერიკამ, სადაც პროფილაქტიკური სერვისების სამუშაო ჯგუფმა კიბოს სკრინინგის დაწყების ასაკი 50-დან 45 წლამდე დასწია. ამასთან, უწყება ამზადებს რეკომენდაციას, სარძევე ჯირკვლის სკრინინგის დაწყების ასაკი 50-ის ნაცვლად 40 წელი იყოს.
საქართველოში წლებია, სახელმწიფო კიბოს გარკვეული სახეობების სკრინინგს მოქალაქეებს სრულად, 40 წლის ასაკიდან უფინანსებს.
ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევას.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”