მეცნიერები შიშობდნენ, რომ დე ვინტონის ოქროსფერი თხუნელა (Cryptochloris wintoni) თითქმის საუკუნის წინ გადაშენდა.
თუმცა, მეგობარი ძაღლის დახმარებით, სამხრეთ აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, მეცნიერებმა ეს ცხოველი 1936 წლის შემდეგ პირველად ნახეს.
„ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი ის არის, რომ ის სულ იქ იყო, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ახლა, ბოლოსდაბოლოს ვიცით“, — ამბობს სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ჟან პიერ რუ.
ეს ბრმა არსებები ზედმეტად მოუხელთებელნი არიან, რადგან ცხოვრების უდიდეს ნაწილს მიწისქვეშ ატარებენ და თანაც, ქვიშაში ისე დაცურავენ, რომ კვალს თითქმის არ ტოვებენ.
მათი ბეწვი სპეციალური ზეთების გამო ბზინავს, რომელიც ერთგვარი საპოხიც არის მიწისქვეშ, ათი სანტიმეტრის სიღრმეში გადაადგილებისათვის; ასე ინარჩუნებენ ისინი სიგრილესაც უდაბნოს ყველაზე ცხელ დღეებშიც კი.
ქვიშაში გაყვანილი მათი სოროები გავლისთანავე იშლება და ზედაპირზე მხოლოდ უმცირესი კვალი რჩება.
დე ვინტონის ოქროსფერი თხუნელები წყლის დასალევადაც არასოდეს არავის უნახავს. ზედაპირზე მხოლოდ ღამით ამოდიან, საკვების საძებნელად.
ოქროსფერი თხუნელები სინამდვილეში თხუნელები კი არ არიან, არამედ ახლოს ენათესავებიან მილკბილებსა და ზღვის ძროხებს. სახელი ბრიტანელი ზოოლოგის, უილიამ ედუარდ დე ვინტონის პატივსაცემად უწოდეს.
აქვთ უნიკალური ყურის ძვლები, რომლებიც მათ ქვიშაში სმენაში ეხმარება და აბალანსებს მხედველობის არქონას.
ჭამენ ჭიებს, მწერებსა და ზოგჯერ პატარა ქვეწარმავლებს. დიდი წვლილი შეაქვთ ნიადაგის სიჯანსაღეში, რადგან აფხვიერებენ და ანოყიერებენ.
ამ უიშვიათეს ცხოველს დიდ საფრთხეს უქმნის სამთო მოპოვებითი საქმიანობა, სოფლის მეურნეობა და საცხოვრებელი ზონების გაფართოება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”