close
ფილოსოფია

„გამოღვიძებულმა“ სულებმა „მარადმღვიძარე“ სულთა გზავნილების მიწაზე აქცენტირება დაიწყეს – ელდინო საღარაძე

„მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავს ივნებს“, რამდენჯერ გვსმენია საუკუნეთა მიღმიეთში შობილი და რუსთაველის კალმით ჩვენამდე მოღწეული ეს საოცარი გზავნილი. ადამიანმა ხომ ისე გაცვითა მსგავსი გადამრჩენელი გამონათქვამები, რომ მათ სიღრმეებში არც ჩაუხედავს. რატომ? იმიტომ, რომ მათი გააზრებისა და ამოქმედების დრო ჯერ არ დამდგარიყო. ეს დრო მხოლოდ ახლა ჩამოდგა დედამიწაზე და „გამოღვიძებულმა“ სულებმა „მარადმღვიძარე“ სულთა გზავნილების მიწაზე აქცენტირება დაიწყეს.

ჩვენს დრომდე ადამიანი მავნე, გამანადგურებელ ძალას ეშმაკს ეძახდა, რომელიც, მისეული გაგებით, ინდივიდის შორიახლო დაძრწოდა და ათასი სისაძაგლის ჩადენისკენ მოუწოდებდა. თანაც, ამ სისაძაგლეებს თვით ადამიანისთვის სასიკეთო, მომხიბლავ ფერებში ხვევდა. დროთა განმავლობაში ცალკეული ინდივიდები მიხვდნენ, რომ  მისი კარნახით ჩადენილი ავკაცობები უკან უბრუნდებოდათ, რომ ეშმაკი ადამიანის მტერი იყო და ძებნა დაუწყეს, დიდი ალბათობით – გასანადგურებლად, მაგრამ ვერსად მიაგნეს და დაასკვნეს, რომ იგი ისე კარგად იმალებოდა, რომ ვერასდროს იპოვიდნენ. სამაგიეროდ, შექმნეს მისი უსაზიზღრესი წარმოსახვითი სურათი – რქებიანი, ღრჯოლებიანი, ბანჯგვლიანი და კუდიანი არსება ბოროტად ანთებული თვალებით. მითებმა იგი ურჩხულად მოიხსენიეს, ქართულმა ზღაპარმა კი მას დევი (საწყისი ფორმა – მდევი ანუ მდევარი) უწოდა.

დღეს ის ეშმაკ-ურჩხულ-მდევარი უკვე ნაპოვნია! მას ეგოიზმი ჰქვია – ადამიანის თვისება – ყველაფერი, რასაც მას სამყარო უბოძებს, მხოლოდ საკუთარი და თავისი ახლობელი ადამიანების ფიზიკური (სხეულებრივი) სიამოვნებისთვის გამოიყენოს (აქედან დაიბადა  სიტყვა „სატანა“. სა-ტანო ანუ სა-სხეულ-ო). ხედავთ, ის ეშმაკი რა კარგად დამალულა! თვითონ ადამიანში! მის შინაგან სამყაროში! ამიტომ ვერ პოულობდა მას ათასწლეულების განმავლობაში ადამიანი. მასზე რვაას ორმოცდაათი წლის წინ მიგვანიშნა რუსთაველმა, მაგრამ აქამდე, ვიდრე მისი საქმენი „საგმირონი“ საყოველთაოდ არ გაცხადდა, კაცობრიობამ ის ვერ შეიცნო.
თიბერიონელებმა მას წმინდა წერილის კოდების ენაზე წაკითხვით, ათ წელზე მეტია, მივაგენით, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ზუსტად გათვლიდა ამ საიდუმლოს გამხელის დროს (ასეთი სიზუსტე ხომ აუცილებელია, რადგან „დროს გაუსწრებ – ვაია, ჩამორჩები – ვუი!“) და რადგან ეს სულიერი ინსტიტუცია უკვე ალაპარაკდა ეგოიზმზე, რასაც უწმინდესის საშობაო ეპისტოლეს გარდა ცალკეულ მღვდელმსახურთა ქადაგებებიც მოწმობს, ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი ინფორმაცია, რასაც ვფლობთ ადამიანში ჩაფესვიანებული, ჯერ საკუთარი, შემდგომ კი მთელი სამყაროს ამ გამანადგურებელი ბუნების და მისი გაუვნებელყოფის მექანიზმის შესახებ, დაინტერესებული, „გამოღვიძებული“, მაძიებელი ადამიანების წინაშე გავშალოთ.

გვერწმუნეთ, ასეთ ადამიანთა ერთობა შექმნის იმ წინა პირობას, რაც საქართველოს სულიერი მისიის აღსრულების დასაწყისი იქნება.

ელდინო საღარაძე

თიბერიონელთასახელით. 23 იანვარი. 2025 წელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0