ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბუნებაში ყოფნა ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითაც მოქმედებს. ამას ახალი კვლევაც ცხადყოფს, რომლის თანახმადაც, გამწვანებულ გარემოში მცხოვრები ადამიანები ბიოლოგიური ასაკით უფრო ახალგაზრდები არიან.
მეცნიერებმა 7 827 ადამიანი და მათი საცხოვრებელი ადგილი შეისწავლეს. შედეგად დაადგინეს, რომ ბაღების, სკვერების, ხეებისა და სხვაგვარი მცენარეული საფარის სიმრავლე უფრო გრძელ ტელომერებთანაა ასოციაციაში, განურჩევლად რასისა, ეკონომიკური მდგომარეობისა, მწეველობისა და ალკოჰოლთან დამოკიდებულებისა.
ტელომერები ქრომოსომების დამაბოლოებელი უბნებია, რომლებსაც დამცველობითი ფუნქცია აქვს. მათ ხშირად ხანგრძლივ სიცოცხლესთან აკავშირებენ. უჯრედის ყოველი დაყოფისას ისინი მოკლდება მანამ, სანამ გენეტიკური მატერიის დაყოფა უკვე შეუძლებელი გახდება. ეს მათ ბიოლოგიური ასაკის მნიშვნელოვან ინდიკატორად აქცევს.
ტელომერებზე სხვადასხვა ფაქტორი სერიოზულად ზემოქმედებს, მათ შორის სტრესი, რომელსაც ბუნებაში ყოფნით ეფექტიანად ვებრძვით. მცენარეები, ანუ გამწვანებული გარემო, სითბური ტალღებისას ჩვენს გაგრილებას უზრუნველყოფს, ხმაურისა და დაბინძურებული ჰაერისგან გვიცავს, ფიზიკურ აქტიურობასა და სოციალურ ურთიერთობებს უწყობს ხელს და ა.შ. ამის მიუხედავად, ამგვარ არეალებს უფრო და უფრო ვშორდებით, პარალელურად კი ეკოსისტემა ზიანდება, რაც, საბოლოოდ, ისევ ჩვენზე აისახება ცუდად.
სპეციალისტთა თქმით, გამწვანებულ გარემოში ცხოვრებამ შესაძლოა, ადამიანის ბიოლოგიური ასაკი 2.2 -2.6 წლით შეამციროს. გააჩნია იმასაც, თუ რამდენად დაბინძურებულია ჰაერია ამ არეალში, რადგან ეს დადებით გავლენას ხელს უშლის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სივრცეები მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.
უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ქალების მონაცემებით მსგავსი დადებითი მიზეზ-შედეგობრიობა არ ფიქსირდება, რასაც ავტორები დამატებით სტრესსა და სხვა რისკფაქტორებს უკავშირებენ. ეს ნათელყოფს, რამხელა როლი აქვს სტრესს ჩვენს ჯანმრთელობაში, რადგან შესაძლოა, ის ტელომერების სიგრძეზე მოქმედებდეს.