ნახშირბადის ციკლი ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც მსოფლიო კლიმატთან მჭიდრო კავშირშია. ატმოსფეროში დაგროვებული დიდი ოდენობით ნახშირორჟანგის მოსაშორებლად აუცილებელია, ის ოკეანეებმა, ნიადაგმა და ტყეებმა საკმარისად შთანთქას.
ახალი არარეფერირებული კვლევის თანახმად, ხმელეთმა და მცენარეებმა გასულ წელს ნახშირორჟანგი თითქმის არ შთაინთქა, ანუ წინა წლებთან შედარებით CO2 ძალიან მცირე რაოდენობით გადაამუშავა. ეს საინტერესოა, რადგან 2023 წელი რეკორდულად ცხელი იყო.
მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტენდენცია ოკეანეებშიც ფიქსირდება. ამას შარშანდელი კვლევა ადასტურებს, რომელიც ზოოპლანქტონებზე ჩატარდა. დადგინდა, რომ ოკეანის მყინვარების სწრაფი დნობა, სავარაუდოდ, ნახშირორჟანგის შთანთქმას აძნელებს. ამის პარალელურად გარემოში სათბურის აირების ემისია არა და არ მცირდება, ბუნება კი მათ მოსაშორებლად ჩვენი ერთადერთი იმედია.
“პლანეტა, რომელიც სტრესის ქვეშაა, ჩუმად გვეხმარებოდა და ბიომრავალფეროვნების მეშვეობით შესაძლებლობას გვაძლევდა, პრობლემისთვის დროებით ყურადღება არ მიგვექცია.
შედეგად, კომფორტის ზონაში გადავინაცვლეთ და კრიზისს სათანადოდ ვერ აღვიქვამთ”, — ამბობს პოტსდამის კლიმატის გავლენის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, იოჰან როკსტრომი.
მეცნიერები აცხადებენ, რომ კომპიუტერული მოდელების მიხედვით, მომავალში კლიმატის ცვლილების გამო ხმელეთისა და ოკეანეების მიერ სულ უფრო ნაკლები ნახშირორჟანგი შთაინთქმება.
სიმულაციების უმეტესობის თანახმად, ეს ცვლილება ნელა მოხდება, მომდევნო 100 წლის განმავლობაში. ამის მიუხედავად, სავალალო შედეგებს უკვე ვხედავთ, რადგან უარესდება ისეთი ფაქტორები, როგორიც ტყის ხანძრები და გაუტყეურებაა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”