close
კატეგორიის გარეშე

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი

გერმანიაში 2020 წლისთვის უნდა ამოქმედდეს კანონი, რომლის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული ცვლილებები საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლის მარტიდან გაუმარტივდებათ. გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალი საიმიგრაციო კანონი 2020 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება.

ახალი რეგულაციით, უცხოელ სპეციალისტებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება უფრო იოლად შეეძლებათ. კერძოდ, გერმანიაში დასაქმების საშუალება ექნებათ როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიული განათლების მქონე პირებსაც. ასევე დაგეგმილია უცხო ქვეყნებში გაცემული დიპლომების აღიარების პროცესის გამარტივება.

გერმანიაში არსებული ვაკანსიების ნახვა სპეციალურ ვებპორტალზე განთავსდება, სადაც ასევე ჩამოთვლილი იქნება უნარ-ჩვევები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება. მათ შორის არის გერმანული ენის ცოდნა.

შრომის ბაზრის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში გერმანიაში 1,36 მილიონი ვაკანსია იყო. ამ ვაკანსიების მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებით შევსება ვერ ხერხდება.

გამოცემის ცნობით, კადრების ყველაზე დიდი დანაკლისია მათემატიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში, ასევე სამშენებლო სექტორში, მედიცინაში. გარდა ამისა, შეიმჩნევა ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელთა დეფიციტიც. თავისუფალი ვაკანსიებია სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესშიც. შარშან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან გერმანიაში სამუშაოდ 60 000 ადამიანი ჩავიდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0