გერმანიის ქალაქ ულმში უსახლკარო ადამიანებისთვის საცხოვრებელი კაფსულები დამონტაჟდა, რათა ზამთრის ცივი თვეების უსაფრთხოდ გატარება შეძლონ.
8 იანვარს, ინოვაციური კაფსულები მთელი ქალაქის მასშტაბით, ისეთ ადგილებზე დაიდგა, რომლებსაც უსახლკარო ადამიანები ხშირად სტუმრობენ. ფოლადისა და ხისგან დამზადებული საცხოვრისები თბოიზოლირებული და წყალგამძლეა, მათ მზის ენერგოპანელები და კომუნიკაციის სისტემაც დაემატა, მაქსიმალური კომფორტისთვის.
როდესაც საცხოვრისი დაკავებულია, საქველმოქმედო ორგანიზაციას სიგნალი ეგზავნება, რათა გამოყენების შემდეგ მოხალისეებმა მისი დალაგება შეძლონ. საქველმოქმედო ორგანიზაცია უსახლკარო ადამიანებთან დაკავშირებასაც ცდილობს, რათა საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინოს.
კაფსულები პირველად ორი წლის წინ გამოჩნდა, მას შემდეგ მნიშვნელოვნად დაიხვეწა, ცივ კლიმატს მოერგო, ორი ადამიანის დატევა შეუძლია, რომელთაც ქარი და სიცივე არ შეაწუხებთ. კაფსულის დახვეწა გაგრძელდება, შემუშავდება ენერგო-დაზოგვის ხერხები და მეტად მოერგება ბენეფიციართა საჭიროებებს.
პროექტის ორგანიზატორები ინოვაციის ევროპის მასშტაბით გავრცელებას იმედოვნებენ. 2017 წლის მონაცემებით, გერმანიის უსახლკაროთა პოპულაცია 650 ათასი ადამიანისგან შედგება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”