ქართველი იუნკერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი გიორგი ოდიშელიძე დაიბადა ყვარელში, 1899 წელს. 1919 წელს გახდა თბილისის სამხედრო სკოლის, იუნკერთა სასწავლებლის კურსანტი, 1921 წელს კი სკოლის ქვეითი ასეულის ზემდეგი. მონაწილეობდა ჩოლოქის 1918 წლის, კოჯორ-ტაბახმელას 1921 წლის და ბათუმის 1921 წლის ბრძოლებში.
1921 წელს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ოდიშელიძეს ემიგრაციაში წასვლა მოუწია ჯერ თურქეთში და შემდეგ საფრანგეთში. სწავლა დაიწყო სენ-მიქსენის სამხედრო და უმაღლეს სატანკო სასწავლებლებში. დაინიშნა ნანსის 513–ე სატანკო ათასეულის მეთაურად. 1926 წელს გაემგზავრა სირიაში, 1929 წლიდან კი ალჟირში მსახურობდა. კაპიტნის წოდება მიენიჭა და ბატალიონის მეთაურად დაინიშნა 1935 წელს. II მსოფლიო ომის დასაწყისში ოდიშელიძეს დაევალა ბარკარესის სამხედრო ბანაკში ქართული შენაერთის ფორმირება. 1941-1943 წლებში ასრულებდა საფრანგეთის არმიის საჰაერო ჯარების კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსის მოვალეობას. 1943 წელს იბრძოდა ტუნისში და მონაწილეობდა საფრანგეთის განთავისუფლების ოპერაციებში. პოლკოვნიკის სტატუსი მიიღო 1944 წელს.
სამხედრო პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა სამოქალაქო სექტორში და აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს. გიორგი ოდიშელიძეს მიღებული აქვს საპატიო ლეგიონის ორდენი სხვა უამრავ ჯილდოსთან ერთად. იგი იყო საფრანგეთის ღირსების ორდენისა და საბრძოლო ჯვრის კავალერი. მისი ცოლი გახლდათ ქართველი სამხედრო მოღვაწის, გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი, თამარი, რომელთანაც 3 შვილი შეეძინა. გიორგი ოდიშელიძე 1970 წელს პარიზში გარდაიცვალა, დაკრძალულია შატუს სასაფლაოზე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“