ვიდრე ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე მრავალ განშტოებად დაიყოფოდა, დედამიწა „ჭიების პლანეტა“ იყო, სადაც დაკლაკნილი მილის მსგავსი არსებები ბატონობდნენ.
ცხოველთა ამ უძველესი სამეფოს ერთ-ერთი მბრძანებელი — გიგანტური მტაცებელი ჭია, ახლახან აღმოაჩინეს ნამარხის ფორმით.
დაახლოებით 518 მილიონი წლის წინ, თითქმის 30 სანტიმეტრის სიგრძის ჭია წყლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველი უნდა ყოფილიყო. შედარებით გიგანტური ყბებით, გრძელი საცეცებითა და ტალღოვანი ფარფლებით, ის სხვა არსებათა საშინელი მტერი უნდა ყოფილიყო.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც კორეის პოლარულ კვლევათა ინსტიტუტის (KPRI) ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ, ამ ახალ სახეობას ოფიციალურ სახელად Timorebestia koprii უწოდა; სახელის პირველი ნაწილი ლათინურად „ტერორის მხეცებს“ ნიშნავს.
„ისინი იმ პერიოდის გიგანტები იყვნენ და კვების ჯაჭვის სათავესთან ახლოს უნდა ყოფილიყვნენ. ამის გამო, ისინი მნიშვნელობით დღევანდელი ოკეანეების მთავარ მტაცებელთა ეკვივალენტი უნდა ყოფილიყვნენ, როგორც ზვიგენები და სელაპები კემბრიულ პერიოდში“, — ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ჯეიკობ ვინტერი.
ამ სახეობის აღმოჩენა ეფუძნება გრენლანდიაში აღმოჩენილ 13 ნამარხს. ზოგიერთი ნამარხის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მეცნიერებმა საკვების კვალიც იპოვეს. კონკრეტულად კი ორსაგდულიანი ფეხსახსრიანის, სახელად Isoxys-ის.
დღეს Timorbestia-ს ნათესავები არიან ე. წ. ჯაგარყბიანი ჭიები (ქეტოგნათები), რომლებიც ოკეანის სხვა მრავალ ბინადართან შედარებით, ნამდვილად ციცქნები არიან. მიუხედავად ამისა, ეს ჭიები მაინც მნიშვნელოვან მტაცებლებს წარმოადგენენ თანამედროვე კვების ჯაჭვში და ძირითადად ფიტოპლანქტონით იკვებებიან.
ჯაგარყბიანების წინაპართა ნამარხები 538 მილიონი წლის წინანდელია. ანუ, ისინი რამდენიმე მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე უძველეს ფეხსახსრიანთა, მაგალითად, მწერების, ობობებისა და კობოსნაირების ჩვენთვის ცნობილი ნამარხები.
„დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი იყვნენ მტაცებლები, რომლებიც ოკეანეში იქამდე დომინირებდნენ, ვიდრე მათ ადგილს ფეხსახსრიანები დაიკავებდნენ. სავარაუდოდ, მათო ბატონობა 10-15 მილიონ წელიწადს გრძელდებოდა, ვიდრე სხვა, უფრო წარმატებული ჯგუფები ჩაანაცვლებდნენ.
ისინი ერთადერთი მტაცებლები არ იყვნენ, რომლებმაც ეკოლოგიური ტახტი დაკარგეს. კემბრიული აფეთქებისას, სიცოცხლის სწრაფმა ევოლუციურმა დივერსიფიკაციამ კვების ჯაჭვი მკვეთრად შეცვალა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ კრიტიკულ გარდატეხას საფუძველი „ჭიების პლანეტის“ ეპოქამ დაუდო.
მაგალითად, 2016 წლის კვლევაში ექსპერტები ირწმუნებიან, რომ უძველესი წყლის ჭიების მიერ მიღწეულმა ევოლუციურმა გარღვევებმა, მათ შორის ახალმა სტრატეგიებმა, ქცევებმა და ფსიქოლოგიამ, გაზარდა ოკეანის ეკოსისტემათა მრავალფეროვნება.
Timorebestia შეიძლება მნიშვნელოვანი ევოლუციური საფეხური ყოფილიყო მტაცებლებში შიდა ყბების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ჯაგარყბიანები Timorebestia-ს ახლო ნათესავები იყვნენ, მსხვერპლს არა პირით, არამედ გარე ჯაგრებით იჭერდნენ.
„გრენლანდიის უკიდურეს ჩრდილოეთში ექსპედიციებისას, მრავალი საოცარი ორგანიზმი შევაგროვეთ. უახლოეს წლებში კიდევ უფრო ამაღელვებელი აღმოჩენები გვექნება, რომელთა საფუძველზეც უფრო მეტს გავიგებთ, როგორ გამოიყურებოდა და როგორ განვითარდა ცხოველთა ადრეული ეკოსისტემები“, — ამბობს კორეის პოლარულ კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარი ტაე იუნ პარკი.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”