close
მედიცინა

გულის პირველი ნაწილობრივი ტრანსპლანტი, პაციენტი ბავშვის ორგანიზმთან ერთად იზრდება

2022 წლის გაზაფხულზე, ისტორიაში პირველად, ბავშვს გულის ნაწილობრივი ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩაუტარდა.ახლა ცნობილი გახდა, რომ ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში გადანერგილი ქსოვილი მის სხეულთან ერთად იზრდება და ფუნქციას ინარჩუნებს.

„ეს პუბლიკაცია იმის დასტურია, რომ აღნიშნული ტექნოლოგია მუშაობს და შეგვიძლია, სხვა ბავშვების დასახმარებლადაც გამოვიყენოთ”, – აცხადებენ მეცნიერები.

ოუენ მონრო სულ რაღაც 18 დღის იყო, როცა დონორის გულის ქსოვილი გადაუნერგეს. მის დაბადებამდე ექიმებმა გამოავლინეს, რომ ბავშვს მხოლოდ ერთი დიდი სისხლძარღვი ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც გულიდან სისხლი გამოედინებოდა, წესით კი ორი მომცრო სადინარი უნდა განვითარებოდა.

ამ დროს ფილტვებს დიდი ოდენობით სისხლი მიეწოდება, რაც სუნთქვას ართულებს და სხეულის დანარჩენ ნაწილებში სისხლის სათანადოდ მიწოდებას აფერხებს. ოუენის სხეულში ან მთლიანი გული უნდა გადაენერგათ, რაც პრობლემური იქნებოდა, ან სარქველი, რომელიც ხშირად უნდა შეცვლილიყო. სპეციალისტებმა მესამე გზა აირჩიეს, რომელიც მანამდე მხოლოდ ღორებზე იყო ნაცადი.

მათ პაციენტის ორგანიზმში დაღუპული ჩვილის სარქვლებისა და არტერიების ტრანსპლანტაცია გადაწყვიტეს, ამის განხორციელებას კი 8 საათი დასჭირდა. ბიჭი საავადმყოფოდან 30 დღეში გაწერეს და იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტების შედარებით მცირე დოზა დაუნიშნეს.

 

 

პროცედურის შემდეგ ტრანსპლანტირებული სარქვლების ზომა ოუენის გულის დანარჩენ ნაწილთან ერთად გაიზარდა. ისინი თავიანთ ფუნქციას უწინდებურად კარგად ასრულებს, ხოლო ბავშვის განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს.

2022 წლიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით 4 სამედიცინო ცენტრში, კიდევ 13 ასეთი ნაწილობრივი ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩატარდა.

„სრული ტრანსპლანტაციის კრიტერიუმებს დონაციის გზით მიღებული გულების დაახლოებით ნახევარი აკმაყოფილებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ იმავე რაოდენობის გულები გვაქვს, რომელთა სარქვლების გამოყენებაც შეგვიძლია”, — ამბობენ მეცნიერები.

სარქვლების მოპოვება იმ პაციენტებისგანაც შეიძლება, რომელთაც გულის სხვა ნაწილის დეფექტები აღენიშნებათ. მათ მთლიან ორგანოს უნერგავენ, ხოლო ძველი სარქვლები დონაციით შეიძლება, სხვისთვის გადაიცეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0