ექსპერტებს უჭირთ იმის შეფასება, როდის მიაღწევს ახალი კორონავირუსი პიკს, რომელიც მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემას ებრძვის და რა იქნება ამ „ცუნამის“ შედეგები, როგორც ამას COVID-19-ს იტალიელი ექსპერტები უწოდებენ.
სიწყნარე ქარიშხლამდე?
ეპიდემიის ტალღა მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთში, სადაც ბოლო დღეების მანძილზე ვირუსის შიდა გადაცემა აღარ ხდება და მხოლოდ იმპორტირებული შემთხვევები ფიქსირდება.
ფრანგი ეპიდემოლოგი და ჯანდაცვის სპეციალისტი ანტონიო ფლაჰოლტი სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ შესაძლოა, უარესი ჯერ კიდევ წინ იყოს.
„იქნებ ჩინეთს ჯერ „მაცნე“ ტალღამ გადაუარა და დიდი ტალღა ჯერ გზაშია?“ — წერს ფლაჰოლტი.
ეპიდემიების განვითარების კომპლექსურობის გასარკვევად, საჭიროა დავუბრუნდეთ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოს, როდესაც ესპანური გრიპის ტალღამ დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, უფრო მეტი, ვიდრე თავად ამ ომმა და შემდეგ გაუჩინარდა.
კითხვა : რატომ? მათემატიკოსებს თავსატეხს უჩენდა. 1920-იანი წლების ბოლოს, შოტლანდიელმა უილიამ ოგილვი კერმაკმა და ანდერსონ გრეი მაკკენდრიკმა შექმნეს მოდელები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას იძლეოდა ეპიდემიების დინამიკის შესახებ.
იმუნიტეტის ზღვარი
კერმაკმა და მაკკენდრიკმა აღმოაჩინეს, რომ ეპიდემია იმის გამო კი არ დასრულებულა, რომ მან მოწყვლადი ადამიანები ამოწურა, არამედ იმიტომ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ ე.წ. „მოსახლეობის იმუნიტეტის“ ზღვარს მიაღწია.
„მოსახლეობის იმუნიტეტი არის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიზებული ადამიანების (როგორც ინფექციის, ისე ვაქცინაციის მიერ) პროპორცია, რომლის მიღწევაც საჭიროა ვირუსის ხელახლა გამოცოცხლების რისკის შესაჩერებლად“, — განაცხადა ჟენევის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანტონიო ფლაჰოლტმა.
ეს პროპორცია დამოკიდებულია უნარზე, რომლითაც ის ინფიცირებულიდან ჯანმრთელ ადამიანს გადაეცემა.
რაც უფრო გადამდებია დაავადება, მით უფრო მეტი იმუნიზებულ ადამიანია საჭირო მის შესაჩერებლად.
„COVID-19-ის შემთხვევაში, მოსახლეობის იმუნიტეტის მისაღებად და პანდემიის აღმოსაფხვრელად საჭიროა მოსახლეობის 50-66 პროცენტის ინფიცირება და ამის შედეგად მიღებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები“, — განაცხადა ფლაჰოლტმა.
მისივე თმით, თავად გადადების მაჩვენებელი ღია და ცვალებადია და შეესაბამება პრევენციის მიზნით მიღებულ ზომებს, როგორიცაა კარანტინი, შეკავება და პოტენციურად ამინდის პირობები.
ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, რომ თუ ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს აინფიცირებს, ეპიდემიაც სრულდება.
ინფექციის გაცოცხლება
ეს შესააძლოა იყოს არა ეპიდემიის დასრულება, არამედ უბრალოდ „შესვენება“, რაც ფლაჰოლტის თქმით ამჟამად ხდება ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ეპიდემიის დროს მიღებული ჯანდაცვის ზომები მხოლოდ დროებითია, როდესაც ისინი უქმდება, ეპიდემია კვლავ ხელახლა იწყება იქამდე, ვიდრე ის მოსახლეობის იმუნიტეტს მიაღწევს, ამას კი ზოგჯერ თვეები ან რამდენიმე წელი სჭირდება.
ვირუსის შესაძლო „გამოცოცხლების “ შესაძლებლობაზე გვაფრთხილებს პარიზის პიტი-სალპეტრიეს საავადმყოფოს ინფექციურ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ფრანსუა ბრიკერიც.
„COVID-19-ის ხელახლა გამოჩენა შესაძლებელია სეზონური ინფექციის სახით“, — განუცხადა მან AFP-ს.
„დაბრუნდება ის? ჯერ არაფერი ვიცით ამის შესახებ,“ – აცხდებს ინფექციურ დაავადებათა ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი მსოფლიოში, ავსტრალიელი შერონ ლევინი.
მისი თქმით, SARS-ი, რომელიც ასევე კორონავირუსული დაავადებაა და 2002-2003 წლებში გავრცელდა და 774 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სრულიად გაქრა მკაცრი სოციალური დისტანცირების ზომების შემოღების შემდეგ.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პერსპექტივა რადიკალურად შეცვლის ვაქცინა, რომელიც, როგორც ფარმაცევტული ინდუსტრია გვპირდება, რომ 12-18 თვეში იქნება მზად.
წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“