close
ისტორიასაქართველოსოფლის მეურნეობა

დაკარგული ქართული ენდემური ხორბლის სახეობა – ჩელტა ზანდური

მოგეხსენებათ, რომ საქართველო მრავალი კულტურული მცენარის სამშობლოა. მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 25 სახეობიდან, 14 ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა აღნუსხული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 5 საქართველოს ენდემია. საბჭოთა კავშირის პერიოდში ბევრი მათგანი მიეცა დავიწყებას, მათ შორის ჩელტა ზანდური(Triticum timopheevii), რომელიც დასავლეთ საქართველოს ენდემური სახეობა გახლავთ, კონკრეტულად კი რაჭა-ლეჩხუმის.
საქართველოში გავრცელებულ ენდემურ სახებათაგან, ჩელტა ზანდური ყურადღებას იპყრობს განსაკუთრებული თვისებებით. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩელტა ზანდური იზოლირებულია სხვა ხორბლის სახეობათაგან. ახასიათებს მაღალი იმუნიტეტი სოკოვანი დაავადებებისა და არახელსაყრელი პირობების მიმართ, რის გამოც რაჭაში მას „არჯან ხორბალს“ უწოდებდნენ, რაც გამძლეს, ამტანს ნიშნავდა. მარცვალს აქვს ცილის მაღალი შემცველობა და გლუტენის დაბალი შემცველობა, რის გამოც იგი ნაკლებ ალერგიულია. ხორბალს ახასიათებს ხშირი შებუსვა. თვალშისაცემი ეს მორფოლოგიური ნიშანი გვეუბნება, რომ იგი რეზისტენტულია გარემო პირობებისადმი და თავს იცავს ცუდი კლიმატისა და გაუწყლიანებისგან. გადმოცემის თანახმად, ჩელტა ზანდური იძლეოდა შესანიშნავი გემოსა და არომატის პურს, რომელიც ინახებოდა ერთ კვირაზე მეტი ხნით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩელტა ზანდური საგაზაფხულო მცენარეა, გლეხები მას შემოდგომითაც თესავდნენ, რაც წელიწადში მოსავლის ორჯერ მიღების საშუალებას იძლეოდა. საშემოდგომო ხორბალი ბევრად უფრო ძლიერია და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სათანადოდ დაგროვილი ტენის გამო მეტად მოსავლიანი.
დღესდღეობით ამ უნიკალური ხორბლის მასალა გენბანკებშია გაყინული და დაცული. მართალია დღეს ქართული ხორბალი არც ისე ბევრ გლეხს მოჰყავს, თუმცა მათ მიმართ ინტერესი ნამდვილად იზრდება. სწორედ ამაზე მეტყველებს მანონი ახლვედიანის “ზანდურის სახლი”, რომელიც საინტერესო ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც მოიცავს. ამ ადამიანის წვლილი ჩელტა ზანდურის რეპატრიაციისა და ცნობადობის ამაღლების საქმეში ნამდვილად დაუფასებელია.

ფოტოს ავტორი : მერი შალამბერიძე 

წყარო :  “ჩელტა ზანდურის (Triticum timopheevii) რეინტროდუქცია, ex-situ კონსერვაცია და ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ მოსახლეობაში (რაჭა-ლეჩხუმი)”

პროექტის განახლებები და საბოლოო შედეგების ლინკი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0