ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს როგორც მოხუცებში, ასევე, ახალგაზრდებში. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, არც ოქსფორდის უნვიერსიტეტი და არც მისი კომერციული პარტნიორი AstraZeneca ვაქცინის ადრეული ტესტირების შედეგების გასაჯაროებას არ აპირებენ, თუმცა AstraZeneca-მ სამეცნიერო ჯგუფთან შეხვედრისას ძირითადი მიგნებების შესახებ ისაუბრა.
“გარდიანი” წერს, რომ ვაქცინის ტესტირების მეორე ეტაპზე გამოჩნდა, რომ ადამიანებში 56 წელს ზემოთ, ზოგ შემთხვევაში კი 70 წელს ზემოთაც, ვაქცინამ იმ რაოდენობის ანტისხეულების გამომუშავება შეძლო, როგორც ახალგაზრდა მოხალისეებში. “გარდიანი” აღნიშნავს, რომ ვაქცინის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის ეფექტურობას უფროსი ასაკის ადამიანებში, ვინაიდან, გამოცემის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება ორგანიზმის იმუნური სისტემა და შესაძლებლობა, ებრძოლოს ვირუსებს.
გამოცემა წერს, რომ AstraZeneca-ს აზრით, რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის დასრულებამდე, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებებში. “გარდიანი” წერს, რომ ექსპერტების და ქვეყნის ჯანდაცვის უწყების აზრით, ვაქცინა 2021 წლამდე, სავარაუდოდ, არ იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არ გამოირცხავენ, რომ მანამდე მცირე მიზნობრივი ჯგუფები აიცრან.
ახლა ვაქცინამ მესამე, ფინალური შემოწმება უნდა დაასრულოს, რომელიც მიმდინარეობს ექვს სხვადასხვა ქვეყანაში: აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში, იაპონიაში, ინდოეთში და დიდ ბრიტანეთში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”