ალბათ ვერასდროს შევძლებთ ჩვენი წარსულის ბოლომდე გამოკვლევას. ყოველ დღე ჩვენს მდიდარ ისტორიაზე უფრო და უფრო მეტ საინტერესო ფაქტს ვიგებთ და ზოგჯერ მეტი კითხვის ნიშანიც ჩნდება.
საქართველოს ყველა რეგიონზე რაღაც ინფორმაცია ყველას მოგვეპოვება. ლეჩხუმის შესახებ ვიცით მისი ტურისტული ღირებულება, მაგრამ თუ მას ისტორიული კუთხითაც შევხედავთ შეიძლება ჩვენი ყურადღება მეტადაც მიიპყროს.
დეხვირის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ლეჩხუმის საშუალს, ცხენისწყლის კიდეზედ არს ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი, თავი თაკუერისა, რამეთუ, რომელსა უპყრავს იგი, მორჩილებასა მისსა შინა არან სრულიად“, როგორც არქეოლოგიური აღმოჩენებით დადასტურდა დეხვირისა და ცხეთის ტერიტორიაზე მართლაც აღმოაჩინეს უძველესი ციხის ნაშტი, ასევე ანტიკური სამაროვანის სამარხები, რომელიც ძვ. წ. IV საუკუნეს შორის პერიოდსა და ახ.წ. IV საუკუნემდე თარიღდება.
სამარხები კიდევ ერთხელ ამტკიცებს აღნიშნური ტერიტორიის გარე სამყაროსთან მჭირდრო კავშირს. ერთ-ერთი სამარხი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, სამარხი ეკუთვნის მამაკაცს, რომელსაც პირში მონეტა უდევს, გვერდით რკინის მახვილი. მამაკაცის ფეხებთან კი დაკრძალული იყო მოზარდის ნეშტი დოქთან ერთად. მონეტას უკავშირებენ რწმენას, რის მიხედვითაც სასუფეველში გარდაცვლილს საფასური უნდა გადაეხადა.
ამჟამად დეხვირის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს.
მოპოვებული არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე კი შეიძლება ნამდვილად ითქვას, რომ დეხვირის ტერიტორიაზე განთავსებულ ციხეთა კომპლექსს მნიშვნელოვანი სატრანზიტო და მაკონტროლებელი ფუნქცია ჰქონდა ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. ეს ციხეები აკონტროლებდა ცხენისწყლისა და ლაჯანურის ხეობებს, ტერიტორიებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ დანარჩენ მსოფლიოსთან, სწორედ დეხვირის ციხეებზე გადიოდა საქარავნო გზა, რომელიც რაჭისკენ მიდიოდა.
უნდა ითქვას, რომ ინტერესი ამ ტერიტორიაზე დეხვირის ბრინჯაოს ხარის ქანდაკების პოვნის შემდეგ გამძაფრდა, რომელიც ძვ. წ. მე–8–7 საუკუნეებით თარიღდება.
ცხეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს, რომელიც დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ახლოს მდებარეობს, დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმელი აქვს: მთავარანგელოზის, წმინდა გიორგის, ფრინველთა და ცხოველთა, კერძოდ ვერძის თავის გამოსახულებით, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ამ ტერიტორიის კავშირს სხვა ქვეყნების კულტურასთან.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 27 აგვისტოს დეხვირის ციხე კომპლექსს განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, რაშიც დიდი წვლილი გიორგი გასვიანს მიუძღვის, ასევე ცხეთის ეკლესიის რეკონსტრუქციასა და მუზეუმის მოწყობაში.
წყარო: დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”