ფიზიკოსები აცხადებენ, რომ ევროპის დიდი ადრონული კოლაიდერიდან მიღებულ მონაცემებში კვარკების სამი აქამდე უცნობი კომბინაციის შესახებ მტკიცებულება იპოვეს, სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოში უდიდესი ნაწილაკების ამაჩქარებელი აღალენერგიული ექსპერიმენტის ახალ რაუნდს ახლა იწყებს.
ნაწილაკების სამი ეგზოტიკური ტიპი, რომელიც მოიცავს ორ ოთხკვარკიან კომბინაციას, რომელსაც ტეტრაკვარკებს უწოდებენ და ასევე ხუთკვარკიან ერთეულს, სახელად პენტაკვარკს, სრულ შესაბამისობაშია „სტანდარტულ მოდელთან“ – თეორიასთან, რომელიც აღწერს ატომების სტრუქტურას.
ამის საპირისპიროდ, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დიდი ადრონული კოლაიდერის ამჟამინდელი რაუნდი მიაგნებს ფიზიკის ისეთ მტკიცებულებას, რომელიც „სტანდარტული მოდელის“ ჩარჩოებს სცდება იმისთვის, ბუნების ისეთი იდუმალი ფენომენის ასახსნელად, როგორიც არის ბნელი მატერია. ასეთი მტკიცებულება შეიძლება მიუთითებდეს სუბატომურ ნაწილაკთა ახალ ნაკრებზე, ან ჩვენი სამყაროს სხვა, დამატებით განზომილებებზეც კი.
დიდი ადრონული კოლაიდერი სამი წლის განმავლობაში გამორთული იყო მისი სისტემების განახლების მიზნით, იმისთვის, რომ ენერგიის უპრეცედენტო დონეებს მიაღწიოს. გამორთვა აპრილში დასრულდა და მას შემდეგ, საფრანგეთი-შვეიცარიის საზღვარზე მდებარე CERN-ის კვლევითი ცენტრის მეცნიერები და ინჟინრები სამეცნიერო ოპერაციების განახლებისთვის ემზადებიან. კოლაიდერმა უკვე დაიწყო მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მესამე რაუნდი.
CERN-ის გენერალური დირექტორის, ფაბიოლა ჯანოტის განცხადებით, მეცნიერებს აქვთ მოლოდინი, რომ მესამე რაუნდის დროს იმდენივე მონაცემებს შეაგროვებენ, რამდენსაც კოლაიდერის წინა ორი რაუნდის დროს ერთად.
მესამე რაუნდის დროს, სუპერგამტარი მაგნიტები და მისი ნაწილაკების დეტექტორები შემდგარი 27-კილომეტრიანი რგოლი ოთხი წლის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ათი წლის წინ, დიდი ადრონული კოლაიდერის უდიდესი აღმოჩენის შესახებ განაცხადეს: ეს გახლდათ მტკიცებულება ჰიგსის ბოზონის არსებობის შესახებ. ჰიგსის ბოზონი არის სუბატომური ნაწილაკი, რომელიც მეცნიერებს იმის ახსნაში ეხმარება, თუ როგორ შეერთდნენ ნაწილაკები ვარსკვლავების, პლანეტების და, ბოლოს, სიცოცხლის შესაქმნელად.
LHCb-ის პრესსპიკერის, კრის პარკსის განცხადებით, კვარკების ახალი კომბინაციების შესწავლა თეორეტიკოსებს დაეხმარება ეგზოტიკური ადრონების გაერთიანებული მოდელის შექმნაში, რომელთა ზუსტი ბუნებაც დიდწილად უცნობია.
წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”