close
ემიგრანტისაქართველო

ევროპაში ქართული მართვის მოწმობით ავტომანქანის მართვა იქნება შესაძლებელი

ახლო მომავალში საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება ევროპულ ქვეყნებშიც შესაძლებელი იქნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ „პირველი არხის“ ეთერში.

დღეს არსებული რეგულაციებით, ქართული მართვის მოწმობით სარგებლობა უცხო ქვეყნებში 6 თვის განმავლობაშია შესაძლებელი, რის შემდეგაც მძღოლი ვალდებულია, კონკრეტული ქვეყნის მართვის მოწმობა აიღოს. ამისთვის მას გამოცდის ჩაბარება მოუწევს. იმ შემთხვევაში კი, თუ უცხო ქვეყანა ქართულ მართვის მოწმობას საერთაშორისო ძალას მიანიჭებს, მძღოლებს ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგაც ექნებათ შესაძლებლობა, ქართული მართვის მოწმობებით ისარგებლონ და აღარ მოუწევთ ადგილობრივი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება.

კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარების კანონმდებლობა შეიცვალა და წესები ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა.

„უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, საკმაოდ მაღალია ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა, დიასპორის წარმომადგენლებმა გვთხოვეს დახმარება, მაგალითად, მართვის მოწმობის აღიარების საკითხში, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით. ახლო მომავალში მოხდება ამ სტანდარტების შეჯერება, ბევრი ჩვენი თანამემამულე შეძლებს, რომ ქართული მართვის მოწმობით ისარგებლოს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ახალი შესწორებების თანახმად, მართვის მოწმობის მისაღებად 2022 წლის 25 აპრილიდან თეორიულ გამოცდასთან ერთად სავალდებულო გახდება პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის პირობებში. კერძოდ, ეს ეხება პირველ ეტაპზე B და BE კატეგორიის მართვის მოწმობებს, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან ქალაქის პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიისთვის.

ამჟამად მართვის მოწმობის მსურველები მის მისაღებად ჯერ თეორიულ გამოცდას აბარებენ, ხოლო შემდეგ პრაქტიკულ გამოცდას საქართველოს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო მოედნებზე გადიან.

2012 წლის 1 აგვისტოდან აღებული ეროვნული მართვის მოწმობით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მხოლოდ 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ.

რაც შეეხება 2012 წლის 1 აგვისტომდე აღებულ მართვის მოწმობას, საქართველოს მოქალაქე მას საზღვარგარეთ ვერ გამოიყენებს. შესაბამისად, საჭიროა საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე 3 წლის ვადით. როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კონვენციის წევრი სახელმწიფოები აღიარებენ იმ ვადით, რა ვადაც შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი.

წყარო : sputnik-georgia.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0