close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება – რა უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2019 წლის დეკემბერი) თითქმის წელიწად-ნახევრის თავზე მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.

კერძოდ, კვლევის შედეგად,  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარტის თვეში, ბელგიაში გარდაცვლილი 90 წლის ქალი, კორონავირუსის  ორი, ალფა (ბრიტანული) და ბეტა (სამხრეთ აფრიკული) შტამებით ერთდროულად იყო ინფიცირებული.

|რა ვიცით ბელგიაში მომხდარ შემთხვევაზე

Independent-ის ცნობით, ქალს კორონავირუსი 3 მარტს დაუდგინდა. ის ალსტიში მდებარე Onze-Lieve-Vrouwziekenhui-ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ექიმების თქმით, თავდაპირველად პაციენტი თავს საკმაოდ კარგად გრძნობდა, სისხლში ჟანბადის დონეც ნორმალურ მაჩვენებელზე იყო, თუმცა მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

„ეს Sars-CoV-2-ის ორივე შტამით ერთდროულად ინფიცირების პირველი, დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევაა. აღნიშნულ პერიოდში ბელგიაში კოვიდის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამები აქტიურად ცირკულირებდა. სავარაუდოა, რომ ქალი კოვიდის შტამებით სხვადასხვა ადამიანსგან ინფიცირდა.  ინფიცირების ზუსტი წყარო ცნობილი არ არის. პაციენტი მარტო ცხოვრობდა, თუმცა უამრავი ადამიანი ზრუნავდა და ეხმარებოდა მას. ითამაშა თუ არა შტამებმა როლი პაციენტის მდგომაროების გაუარესებაში, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია“,- აცხადებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ენ ვანკირბერგენი.

შემთხვევის შესწავლა გრძელდება. ბელგიაში მომხდარს კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპულ კონგრესზე განიხილავენ.

კოვიდის შტამები
კოვიდის შტამები

|ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების სხვა შემთხვევებიც არსებობს?

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ბრაზილიაში ორი ადამიანი კოვიდის რამდენიმე შტამით ერთდროულად ინფიცირდა. თუმცა, აღნიშნული შემთხვევები ისევ შესწავლის პროცესშია და შესაბამისად, საბოლოო პასუხები არაა ცნობილი.

„აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების დოკუმენტურად დადასტურებული სხვა შემთხვევები არ გვაქვს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ფენომენი სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ არის.  ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსგავსი შემთხვევების გამოსავლენად მარტივი მეთოდი არ არსებობს“,- აცხადებს ვანკირბერგენი.

|რას ამბობენ მეცნიერები/ შეამცირებს თუ არა მსგავსი შემთხვევების გახშირება ვაქცინების ეფექტურობას

ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, როულანდ კაოს განცხადებით, მხოლოდ ერთი შემთხვევიდან ზოგადი დასკვნების გაკეთება „ძალიან რთულია“.

გლასგოუს უნივერსიტეტის, ინფექტიონისტი, ემა ტომსონი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და მისი გამოკვლევაა საჭირო.

„შესაძლოა, ამან გლობალური სახე მიიღოს და სულ უფრო მეტი შემთხვევა იქნას იდენტიფიცირებული. სწორედ ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და დეტალურად გამოვიკვლიოთ ის“,- ამბობს ტომსონი.

ვარვიკის უნივერსიტეტის, ვირუსოლოგი, ლოურენს იანგი ამბობს, რომ ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირების შემთხვევა გასაკვირი არაა. თუმცა, მისი შესწავლის საჭიროებას მაინც ხედავს.

„ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება გასაკვირი  არაა. შესაძლოა, ადამიანი ისეთ გარემოცვაში  მოხვდეს, სადაც გარშემომყოფებს სხვადასხვა შტამი აქვთ და შედეგად თავადაც რამდენიმე ვარიანტით ინფიცირდეს“,- აღნიშნავს ლოურენსი.

მისივე თქმით, აუცილებელია მეცნიერებმა გამოიკვლიონ მოახდენს თუ არა მსგავსი შემთხვევები ვაქცინების ეფექტურობაზე გავლენას.

კორონავირუსი
კორონავირუსი

ჯერჯერობით, მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნებს, რომ არსებული ვაქცინები კოვიდის ახალი შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია.

თუმცა, ვირუსის სწრაფად გავრცელებისა და ახალი სახეობების წარმოშობის გამო, შესაძლოა, სურათი ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმნიუსი“ ქართველ ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილსაც ესაუბრა.

ბუწაშვილის თქმით, ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების შემთხვევები ინფექციური დაავადებებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

„აღნიშნული შემთხვევა გასაკვირი არ არის. კოვიდის დროს მსგავსი ტენდენცია აქამდე ნაკლებად შეინიშნებოდა. თუმცა, ზოგადად ინფექციური დაავადებებისთვის ეს დამახასიათებელი მოვლენაა.

მაგალითად, ც-ჰეპატიტის დროს ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია. რა თქმა უნდა,  ლოგიკურია ის ფაქტი, რომ როდესაც ადამიანი ორი სხვადასხვა შტამით  არის ინფიცირებული დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ერთის შემთხვევეაში.

რაც შეეხება კოვიდს, ამასთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება და კვლევები ჯერჯერობით არ არის ჩატარებული“,- ამბობს ინფექციონისტი.

 

მომზადებულია BBC-ს, Telegraph-ის, The Independent-ის მიხედვით

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0