„ეს არის კაცი, ვინც პუტინის ,,უძლეველი” არმია ჯართად აქცია!
ეს ის კაცია, რომელსაც ომის თეატრში ყოველი დღის ბოლოს პუტინის გენერალიტეტი სცენაზე დაჩოქილი გამოჰყავს!
ეს ის კაცია, ვინც უკრაინელი ჯარისკაცების გმირულ ბრძოლას ხორცს ასხამს!
ეს ის კაცია, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ყველგან არის – კიევშიც, ხარკოვშიც, მარიუპოლში და ოდესაშიც!
ეს გენერალი ვალერი ზალუჟნია, შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი და უკრაინული მიწის ცოცხალი კედელი“. – წერენ სოციალურ ქსელში ვალერი ზალუჟნიზე.
ვინ არის ვალერი ზალუჟნი? უკრაინულ მედიაში მის შესახებ ბევრს წერენ.
ვალერი ზალუჟნი 1973 წლის 8 ივლისს მუშათა ოჯახში, ჟიტომირის რეგიონში დაიბადა. დედამისი ჩერნიგოვიდან იყო. ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ოცნებობდა, სწორედ ამ ქალაქში ეცხოვრა.
ის ასევე ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ სამხედრო ყოფილიყო, თუმცა ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ ვერასდროს წარმოედგინა თუ გენერალი გახდებოდა და კარიერაში მაღალ საფეხურებს მიაღწევდა.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1997 წელს გაიარა სამხედრო სამსახურის ყველა საფეხური:
ოცეულის მეთაური, სასწავლო ოცეულის მეთაური, საბრძოლო ოცეულის მეთაური, სასწავლო ასეულის მეთაური, კადეტთა ასეულის მეთაური, ბატალიონის მეთაური.
ერთ-ერთ ინტერვიუში ზალუჟნი ამბობს:
„არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე გენერალი გავხდებოდი და მაღალ საფეხურებს მივაღწევდი“
2009 წლიდან 2012 წლამდე იყო 51-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეთაური.
2017 წელს ზალუჟნიმ მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.
ის პირადად მონაწილეობდა დონბასში გამართულ ბრძოლებში.
ამ პერიოდზე ზალუჟნი ამბობს:
„რთულ პერიოდზე საუბრისას … 2014 წელს გამოვყოფდი. იყო მუდმივი საფრთხის განცდა გულსა და სულში“…
ოფიცრები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, რომ „ზალუჟნი რეალურ ბრძოლაში იყო და არა ქაღალდზე“ .
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”