close
ემიგრანტი

“ვმუშაობ ისლანდიის ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც ვასწავლი დირიჟორობას და ვხელმძღვანელობ სტუდენტურ გუნდს” – ისლანდიაში მოღვაწე ქართველი დირიჟორი

“ისლანდიაში საცხოვრებლად გადმოვედი 2020 წლის დეკემბერში. როდესაც ჩემმა მეუღლემ, რომელიც პროფესიით ასტროფიზიკოსია, მიიღო პოზიცია ისლანდიის უნივერსიტეტში. ეს იყო პანდემიის პერიოდი, რომელიც განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მუსიკოსებისთვის, რადგანაც ჩვენი აქტივობა, მოგეხსენებათ, დაკავშირებულია საკონცერტო სივრცეებთან, ხალხთან… საკონცერტო დარბაზების დაკეტვასთან ერთად, ფაქტობრივად, წელიწად-ნახევრის მანძილზე უმოქმედოდ ვიყავით. ვიცოდი, რომ ისლანდიაში შედარებით მსუბუქი შეზღუდვები იყო”, – ასე იწყება ქართველი დირიჟორის, მირიან ხუხუნაიშვილის წარმატების ისტორია ისლანდიაში.

მირიანი “დოქტრინას” უყვება, რა ნაბიჯები გადადგა უცხო ქვეყანაში პროფესიული წარმატების მისაღწევად და რა დრო დასჭირდა მას ამისთვის.

“მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა და აქ ჩამოსვლის შემდეგ მუსიკოსებთან დაკავშირება მარტივად მოხერხდა, მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა აქ თავის დამკვიდრება. ამერიკისგან განსხვავებით, ევროპაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებისას ნდობის მოპოვებას. როგორი პროფესიონალიც უნდა იყო, გჭირდება ნდობის მოპოვება, რომ დაიწყო თანამშრომლობა.
ამჯერად, მე ვმუშაობ ისლანდიის ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც ვასწავლი დირიჟორობას და ვხელმძღვანელობ სტუდენტურ გუნდს. პარალელურად, პერიოდულად, ვმუშაობ ისლანდიის სიმფონიურ ორკესტრსა და რეიკიავიკის კამერულ ორკესტრთან”.

მუსიკოსი, საკუთარი გამიცდილებიდან გამომდინარე, რჩევებს აძლევს მათ, ვისაც სამშობლოს ფარგლებს გარეთ სურთ პროფესიული უნარების გაღრმავება და იმ სირთულეებსაც უსვამს ხაზს, რომელთა გადალახვაც მოუწია.
“ყველას, ვინც ახლა აპირებს ქვეყნიდან წასვლას, ვურჩევ – თუ მაშინვე არ გაუმართლებს საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩენით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე ორჯერ-სამჯერ მეტი აკეთოს  გარშემომყოფებზე, რათა მიაღწიოს, როგორც მინიმუმ, დაინტერესებას იმ გარემოში, რომელშიც მოუწევს ცხოვრება. შემდგომ, როდესაც პირველ შეთავაზებას მიიღებენ, ვურჩევ მაქსიმალურად დახარჯვას, რათა თითქმის უნაკლოდ შეასრულონ საკუთარი სამუშაო, რომელზეც დაკავშირებულია მომდევნო თანამშრომლობა. ასე იყო ჩემს შემთხვევაში – ძალიან დიდი დრო დასჭირდა პირველი თანამშრომლობის შემოთავაზებას. ფაქტობრივად, აქ ცხოვრების 8-9 თვის შემდგომ მომიწია რეალიზება. ძალიან ბევრი ვიმუშავე პირველი პროექტის შესასრულებლად და ვიტყოდი, რომ გამიმართლა, რადგან ამ პირველ თანამშრომლობას ისლანდიელ მუსიკოსებთან, მოჰყვა არაერთი წარმატება”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0