სალადინის მდივანი – იმად ალ-დინი თავის პოემაში სალადინს ასე მიმართავს:
وإن بلاد رق مظلمة فخذ
وبعد الفرنج الكرك فاقصد بلاده م
خراسان والنهرين والدرك الفرسا
بعزمك وأملاً من دمائهم الرسا
,,აღმოსავლეთის ქვეყნები წყვდიადმა მოიცვა, მაშ, დაიკავე ხორასანი, მესოპოტამია, თურქეთი და სპარსეთი, ფრანგების (ჯვაროსნების) შემდეგ გაემართე შენი განზრახვით ქართველთა ქვეყნის წინააღმდეგ და აღავსე საფლავები მათი სისხლით“.
(თარგმანი – ბ.ჭ.).
საოცარი ტექსტია, ჯვაროსანთა დამარცხების შემდეგ პოლიტიკური ისლამური სამყაროს მთავარი მტრები ქართველები არიან და ფრანგების დამარცხების შემდეგ ჯერი მათზეა. თამართან დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, სალადინმა ეს პროპაგანდა მიიღო და ხალიფას მიმართ წერილშიც გააჟღერა.
იმად ად დინის თანამედროვე სომეხი ავტორი სომხური სახარების ერთ უნიკალურ მინაწერში ამავე რეალობას შემდეგნაირად გადმოგვცემს:
,,[დაიწერა] სომხური წელთაღრიცხვის ექვსას ორმოცდაცამეტ წელს
(1204 წ. 31/1 — 1205 წ. 28/I), უფალ იოჰანესის კათალიკოსობისას, ქრისტეს მიერ გვირგვინოსანი და ძლევამოსილი [კილიკიის – ბ. ჭ] სომეხთა მეფის – ლევონის, სტეფანეს ძის, მეფობის ჟამს, ბოროტსა და უკუღმართ დროში, როდესაც ქრისტიანთა მოდგმა გადაბუგული იყო ყოველგან, ვითარცა მინდვრის ძეძვი; [ისინი] უცხოთესლთაგან მრავალმხრივ შევიწროებული და გაწამებული იყვნენ, რადგან ფრიად მომძლავრებულიყო ცოფიანი და უსჯულო, მხევლის შთამომავალთა, აგარიანთა ტომი; მძლავრობით მიიტაცეს ყველა ქვეყანა… [ამ დროს] აღმოსავლეთში [სუფევდა] ქართველთა დედოფლის, სახელად თამარის, სახლი. მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა, [ურწმუნოთა – ბ. ჭ.] მრავალი გვარი დააქცია, ააოხრა და უცხო თესლნი ბასრი მახვილით მოსრნა, დარჩენილთ ხარკი დაადო, დაიმორჩილა. მის კარზე იყო ორი ძმა, სომხური მოდგმის მთავრები. უხუცესს ერქვა ზაქარე შაჰანშაჰი ; [იგი იყო] კაცი წმიდა და მხნე, ფრიად შემკული ღმრთის შიშით, იქამდე, რომ თითქმის ქვაბებში [მყოფ] ბევრ მეუდაბნოეს აღემატებოდა. უმრწემესს იოანე ერქვა. ისინი ორთავე ბედნიერი იყვნენ იმ დედოფლისაგან და ფრიად დაფასებული მისგან, იმდენად, რომ ისინი დაედგინა მთელი თავისი ლაშქრის და სამეფოს მეთაურად. [ზაქარია და ივანე] ჯვრის მტერთა წინააღმდეგ მხნე მებრძოლნი და მძლეველნი გამოდგნენ. ყოველგან აქებდნენ მათ სახელს. უკეთუ ყოვლისშემძლე უფალს არ მოეცა ჩვენთვის ამ ძლევამოსილ მეფეთა და ქრისტესმოყვარე მთავართა მანუგეშებელი მოდგმა, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, სოდომისა და გომორის მიმსგავსებული გავხდებოდით“ (ა. აბდალაძის თარგმანი).
ამ ორ ბრწყინვალე წყაროს ღრმა შინაგანი კავშირი აქვს, იმად ად დინის მიხედვით, აღმოსავლეთი წყვდიადმა მოიცვა, რის მიზეზსაც სომხური სახარების მინაწერი ასე განმარტავს: ,,ამ დროს აღმოსავლეთში [სუფევდა] ქართველთა დედოფლის, სახელად თამარის, სახლი. მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა [ურწმუნოთა – ბ. ჭ.] მრავალი გავარი დააქცია, ააოხრა და უცხო თესლნი ბასრი მახვილით მოსრნა, დარჩენილთ ხარკი დაადო, დაიმორჩილა“.
და ბოლოს, რა სახის წარმოდგენები არსებობდა თამარზე სალადინის სამეფოში, საუკეთესოდ ჩანს ეგვიპტური ეპიკური პოემიდან – ,,ალ ჰიმმა“:
,,ქართველებს ჰყავდათ დედოფალი… მან დასცა მამრნი და ბუმბერაზნი, დამორჩილებული ჰყავდა მძლავრი და მამაცი, რჩეული ჭაბუკები და მებრძოლები, ხელმძღვანელობდა იგი ლაშქრობებს თურქებისა და თურქომანების წინააღმდეგ, მას განრთხმული ჰყავდა ბიზანტიელები და ჯვრის მსახურნიც, უწია მისმა სიავემ ყველა ქვეყანას და შეურაცხყო ყველა არსება, მასთან იყო ხუცესი, რომელიც იყო ყველა მღვდელმთავრის ხელმძღვანელი და მეთაური ყველა ურწმუნოსა და ერეტიკოსისა, ერთ დღესაც, მან აუკრძალა მას ლაშქრობები თანამორწმუნეთა წინააღმდეგ და აწვია იგი იარაღის ასაღებად ისლამის ქვეყნებზე… მას ჰყავდა 400 000-ზე მეტკაციანი ლაშქარი, ყველანი დაფარული ჯაჭვითა და ჩაფხუტით (შეადარე ,,ქართლის ცხოვრება“ თამარის ლაშქრის აბჯარკეთილობაზე), კარგად მომზადებულები საბრძოლველად, ცხენითაც და ფეხითაც, მამაცნი ომებში და ასპარეზობებზე“ (თარგმანი – ბ.ჭ.).
შეადარე ,,ქართლის ცხოვრება“ – საუკეთესო სპარსელი მოასპარეზის – ამირ მირმანის გუნდის დამარცხება თამარის ყმათაგან.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”