თურქეთში ადამიანის მსგავსი მაიმუნის გაქვავებული ნამარხი აღმოაჩინეს. აღმოჩენა 8,7 მილიონი წლით დაათარიღეს და ის ბევრ საინტერესო შეკითხვას აჩენს. პირველ რიგში, ეს ადამიანის ევოლუციასა და შესაბამის თეორიებს ეხება.
23 აგვისტოს Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა ვარაუდობს, რომ აფრიკელი მაიმუნებისა და ადამიანების წინაპრები ევროპაში განვითარდნენ. ეს მანამ, სანამ აფრიკაში გადავიდოდნენ.
დიახ, ევროპიდან აფრიკაში და არა პირიქით!
Anadoluvius turkae — ახალი ნამარხი
“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჰომინინები 5 მილიონი წლის განმავლობაში ევროპაში ვითარდებოდნენ”, — თქვა პროფესორმა დევიდ ბეგანმა ტორონტოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტიდან.
ვინ არიან ჰომინინები? მარტივად რომ ავხსნათ, ჰომინინებში შედის აფრიკული მაიმუნები (შიმპანზეები, ბონობოები და გორილები), ადამიანების წინაპრები და მათი ნამარხები (მათ შორის ნეანდერტალელი და ჰომო ერექტუსი).
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჰომინინებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გაიარეს და უკვე მოგვიანებით აფრიკაში მოხვდნენ. ბეგანი მიიჩნევს, რომ ეს გარემოს ცვალებადობითა და ჰაბიტატით იყო გამოწვეული.
ბეგანის ჯგუფმა Anadoluvius turkae კომპლექსურად გაანალიზა. ჰომინინის თავის ქალა კარგად იყო შემონახული, რომელიც შეიცავდა სახის სტრუქტურასა და თავის ტვინის შუბლის ნაწილს.
“ნამარხის სისრულემ საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა უფრო ფართო და დეტალური ანალიზი, ვიდრე აქამდე”, — თქვა ბეგანმა.
Anadoluvius turkae, რომელიც დიდ შიმპანზესა და საშუალო ზომის გორილას ჰგავს, მშრალ ტყეში ბინადრობდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ძირითად დროს ის სწორედ აქ ატარებდა.
მტკიცე ყბები და სქელი კბილები მიანიშნებს იმაზე, რომ არსება აფრიკაში მცხოვრები ადრეული ადამიანების მსგავსად იკვებებოდა.
ლომისმაგვარ მტაცებლებთან თანაარსებობა
კვლევა მიანიშნებს, რომ ჰომინინი თანამედროვე აფრიკის ბალახებსა და მშრალ ტყეებში ნაცნობ ცხოველებთან თანაარსებობდა. ესენი იყვნენ: ჟირაფები, გარეული ღორები, მარტორქები, ანტილოპები, ზებრები, სპილოები, გოჭები, ჰიენები და ლომისმაგვარი მტაცებლები.
ეს კი ნიშნავს, რომ სიცოცხლის ეს ფორმები აფრიკაში დაახლოებით რვა მილიონი წლის წინ გადავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მაიმუნები ამჟამად აფრიკასთან ასოცირდებიან, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მათი საერთო წინაპრები ევროპის ტერიტორიაზე წარმოიშვნენ.
მთლიანობაში, თურქეთში აღმოჩენილი ეს ნამარხი და მისი ბოლო კვლევა ადრეული ჰომინინების შესახებ ახალ შეკითხვებს აჩენს. ეს ადრეული ჰომინინებისა და მათი წარმოშობის შესახებ ჩვენი გაგების გადახედვას ითხოვს.
კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”