close
ემიგრანტი

ირინკა მამულაშვილი – ქართველი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში მუშაობს

რა მოხდება მაშინ, თუ მიზანს დავისახავთ და მის განსახორციელებლად არ დავზოგავთ ენერგიას, ჩვენი თავისგან მაქსიმუმს მოვითხოვთ და არ შევუშინდებით წინააღმდეგობებს?

ირინკა მამულაშვილისთვის წარმატების გზა სწორედ ამ მოცემულობებზე გავიდა. დღეს ის დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში მუშაობს. დიდ ბრიტანეთში განათლების მიღების ისტორია მისთვის არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, უკვე ერთი წლის წინ მან City University of London-ში, დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე დაიწყო სწავლა. საკუთარი წარმატების გზაზე, ირინკა“დოქტრინას“ ესაუბრა.

„დავიწყე მუშაობა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, კერძოდ, თემთა პალატაში, კონსერვატორული პარტიის წევრ Jonathan Djanogly-ს ოფისში. მე ჩართული ვიქნები პროექტში, რომლის ინიცირებასაც გეგმავს Jonathan Djanogly და რომელიც რუსეთის დასანქცირების პაკეტის გაზრდას გულისხმობს, უკრაინაში დაწყებული აგრესიული ქმედებების გამო. ჩემი მოვალეობაა, ჩავატარო კვლევა ისტორიის მანძილზე მსგავსი პრაქტიკების შესახებ და, შედეგად, ჩამოვაყალიბოთ ბრიტანეთის კანონმდებლობისთვის შესაბამისი, დასანქცირების პაკეტი“.

 

ირინკა გვიყვება, როგორ და რა მიზნით მიიღო დიდ ბრიტანეთში განათლების მიღების გადაწყვეტილება.


„ჩემი გადაწყვეტილება – წამოვსულიყავი დიდ ბრიტანეთში, განპირობებული იყო სურვილით – მიმეღო განათლება უცხოეთში. ამ მიზნისკენ სწრაფვა დავიწყე 2020 წელს, როცა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მეოთხე კურსზე ვიყავი. ზაფხული სრულად ინფორმაციისა და სტიპენდიების მოძიებაში გავატარე. მივაგენი Chevening Award-ს, რომელიც არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გრანტი განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებისათვის, ვისაც სამაგისტრო საფეხურზე სურთ სწავლის მიღება დიდ ბრიტანეთში. ამ სტიპენდიის აპლიკაციებისა და ინტერვიუების პროცესი თითქმის ერთი წელი მიმდინარეობს- ყველა ეტაპი გავიარე და 2021 წლის ივნისში მივიღე წერილი, რომ ჩემი სწავლა და ცხოვრება ლონდონში სრულად იყო დაფინანსებული. ეს საოცარი გამარჯვების გრძნობა იყო. ამ ყველაფრის უკან მართლაც უდიდესი შრომა დგას – ბევრი უძილო ღამე, ნერვიულობა, ზოგჯერ მოტივაციის დაკარგვა, ზოგჯერ – იმედის, რომ რამე გამოვა, თუმცა, ეს შრომა დამიფასდა და 1 წლის წინ დავიწყე სწავლა City University of London-ში, დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე“.

ირინკა რჩევებს აძლევს მათ, ვისაც უცხოეთში სწავლა ან მუშაობა სურთ. ის აღნიშნავს, რომ შრომას აუცილებლად გამოაქვს შედეგი.

„ყველას უნდა ახსოვდეს, რომ შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ადამიანებს, ვისაც უცხოეთში სურთ სწავლა/მუშაობა, ვურჩევ, დაისახონ მიზნები და მათკენ მიმავალი გზები განსაზღვრონ და ამ გზაზე არასდროს მოერიდოთ კითხვების დასმა ადამიანებისთვის, ვინც ეს უკვე გააკეთა. სულ ახსოვდეთ, რომ ყველა წარმატების  უკან დიდი შრომა და ბევრი იმედგაცრუება დგას. ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და არ დანებდნენ. მაშინ ყველაფერი გამოვა“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0