2015-2019 წლებში ისლანდიამ უამრავი ადამიანისთვის საოცნებო 4-დღიანი სამუშაო კვირის მოდელი დანერგა, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამუშაო საათების შემცირების მიუხედავად, იმავე ოდენობის ანაზღაურება მიეღოთ. ექსპერტებმა პროექტი უდიდეს წარმატებად შეაფასეს — ექსპერიმენტში მონაწილე დასაქმებულების უდიდესმა ნაწილმა სამუშაო საათების შემცირება აირჩია ისე, რომ მათი პროდუქტიულობის დონე ან არ შეცვლილა, ან პირიქით — გაიზარდა.
ექსპერიმენტი რეიკიავიკის მუნიციპალიტეტის საბჭოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში დაიწყო და დაახლოებით 2 500 დასაქმებულს შეეხო. აღნიშნული ცდების საფუძველზე, ისლანდიაში დასაქმებულთა 86%-მა უკვე აირჩია სამუშაო საათების შემცირება ან ამის უფლება მოიპოვა.
ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ დასაქმებულებში სტრესის დონე შემცირდა და მათ უკეთ შეუძლიათ სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსირება.
“კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში მოკლე სამუშაო კვირის ყველაზე დიდი ექსპერიმენტი, რომელიც საჯარო სექტორში ჩატარდა, ნებისმიერი კრიტერიუმის მიხედვით, უდიდესი წარმატებაა”, — აღნიშნავს უილ სტრონჯი, კვლევაში ჩართული ერთ-ერთი კომპანია Autonomy-ის დირექტორი.
“მოკლე სამუშაო კვირის ისლანდიური მოდელი გვიჩვენებს, რომ თანამედროვე სამყაროში არა მხოლოდ უფრო ცოტა ხნით მუშაობა, არამედ პროგრესული ცვლილებებიც კი შესაძლებელია”, — ამბობს პროექტის ერთ-ერთი მკვლევარი.
აღსანიშნავია, რომ მოკლე სამუშაო კვირის პროექტი ამჟამად ესპანეთსა და ახალ ზელანდიაშიც მიმდინარეობს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”