ისტორიაში პირველად, ამერიკელმა ქირურგებმა ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ადამიანის ორგანიზმმა უცხო სხეული მიიღო.
პროცედურა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის Langone Health-ის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა.
ექიმებმა ღორის ორგანო გამოიყენეს, რომლის გენები შეცვლილი იყო. კერძოდ, სპეციალისტებმა ქსოვილებიდან ის მოლეკულა ამოიღეს, რომელიც ადამიანის სხეულში მოხვედრისას დაუყოვნებლივ უარყოფით რეაქციას იწვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმღები ტვინის სიკვდილის დიაგნოზის მქონე პაციენტია, რომელსაც თირკმლის დისფუნქცია აღენიშნებოდა. პაციენტის ოჯახმა თანხმობა განაცხადა ექსპერიმენტში მის მონაწილეობაზე.
სამი დღის განმავლობაში, ახალი თირკმელი მის სისხლძარღვებთან იყო დაკავშირებული, თუმცა სხეულს გარეთ იყო მოთავსებული, რათა მკვლევრებს მასზე წვდომა ჰქონოდათ.
კვლევის ხელმძღვანელის განცხადებით, გადანერგვის შემდეგ თირკმელი საკმაოდ ნორმალურად მუშაობდა და არ გამოვლენილა ორგანიზმის მიერ თირკმლის მიუღებლობის რაიმე წინასწარი ნიშანი.
აშშ-ში დაახლოებით 107 000 ადამიანი ორგანოთა ტრანსპლანტაციის რიგშია, მათ შორის 90 000-მდე ადამიანი თირკმელს ელოდება. მოცდის ვადა 3-დან 5 წლამდე მერყეობს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”