მე-20 საუკუნის დასაწყისში ემიგრაციაში გაქცევით ბევრმა ქართველმა უშველა თავს… ნაწილი პოლიტიკური დევნის, ნაწილი კი ოცნებების ახდენისთვის მიაშურებდა ქვეყნიდან. თუმცა, მათგან ერთეულებს გაუმართლათ და მათი სახელი ისტორიაში დარჩა – ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი იმ ქართველებზე გვიამბობს, რომლებმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ არნახულ წარმატებას მიაღწიეს და თავისი დროის ერთ-ერთი პირველი მილიონერები გახდნენ…
– პირველი ტალღის ქართული ემიგრაცია პოლიტიკური იყო. ემიგრანტთა უმეტესობამ ქართული პასპორტი და ლტოლვილის სტატუსი დაიტოვა. ამის გამო პროფესიულ და ფინანსურ წარმატებას ბევრმა ვერ მიაღწია. ყველაზე მეტი მდიდარი ქართველი ამერიკაში ცხოვრობდა.
მათ შორის აღსანიშნავია:სკულპტორი და მწერალი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი; ავიაკონსტრუქტორები მიხეილ გრიგორაშვილი და უმსხვილესი ავიაკომპანია “რიპაბლიკის” ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ქართველიშვილი; მოჭიდავე და მსახიობი კოლა ქვარიანი; “წყნარი ოკეანის სანაპიროს ნავთობის კომპანიის” ხელმძღვანელები დავით და სერგი მდივნები; სამშენებელო კომპანიის ხელმძღვანელი ოთარ ზალდასტანიშვილი და მისი ძმა ბიზნესმენი გივი ზალდასტანიშვილი; ნიუ-იორკის ვიცე-მერი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი და სხვები.
იყვნენ მილიონერებიც: გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი), გიორგი მაჩაბელი, ვასილ დუმბაძე – შეერთებულ შტატებში, დიმიტრი მეტრეველი – კანადაში, ავთანდილ მერაბაშვილი – ჩილეში, აკაკი ხოშტარია და ივანე ვარაზაშვილი – ირანში.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”