ექიმების თქმით, კაცი, რომელსაც ერთი თვის წინ ღორის გული გადაუნერგეს თავს მშვენივრად გრძნობს. პაციენტს, რომელსაც ღორის მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს უარყოფითი მაჩვენებლები არ აღენიშნება. ეს ნიშნავს, რომ მისმა ორგანიზმმა გადანერგილი ორგანო მიიღო.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ცნობისთვის, 58 წლის კაცი მეორე პაციენტია, რომელსაც ასეთი გენმოდიფიცირებული ორგანო გადაუნერგეს. ეს ორგანოების გადანერგვის მხრივ უმნიშვნელოვანესია.
ცხოველის ორგანოების ადამიანზე გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება და მას ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლია. მხოლოდ აშშ-ში 100 000-ზე მეტი ადამიანი ორგანოების გადანერგვის მოლოდინშია.
გადანერგვის ორივე ოპერაცია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექსპერტებმა ჩაატარეს.
კაცს სისხლძარღვთა დაავადება და შიდა სისხლდენის გართულებები ჰქონდა. ექსპერიმენტული ტრანსპლანტაციის გარეშე, ორი შვილის მამა და საზღვაო ძალების ვეტერანი მალე დაიღუპებოდა.
ოპერაციის შემდეგ კაცმა თქვა, რომ მისი ერთადერთი იმედი ღორის მოდიფიცირებული გული იყო და ახლა როგორც ჩანს, ამან გაამართლა.
ქსენოტრანსპლანტაცია რთულია, რადგან პაციენტის იმუნური სისტემა უცხო ორგანოს თავს ესხმის. მეცნიერები პრობლემის გვერდის ავლას გენმოდიფიცირებული ღორების ორგანოების გამოყენებით ცდილობენ.
თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მაგალითისთვის, პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს 2022 წელს 2 თვის შემდეგ დაიღუპა. მაშინ ექიმები ამბობდნენ, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, ღორის ვირუსი ყოფილიყო.
მიუხედავად ამისა, ორივე ოპერაცია იმედებს აჩენს, რომ ორგანოების გადანერგვის პრობლემა შეიძლება აღმოიფხვრას.
ღორის გული ვირჯინიაში დაფუძნებულმა კომპანია Revivicor-მა შეიმუშავა. ბიოტექნოლოგიური კომპანია გენმოდიფიცირებულ ღორებზე მუშაობს. ექსპერტების თქმით, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ამით მსოფლიოში ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრა რეალურია.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”