ახალი კვლევის თანახმად, დღეში სტანდარტული სამჯერადი კვების რეჟიმის დარღვევას, შესაძლოა, სერიოზული უარყოფითი შედეგი ჰქონდეს.
40 წელზე უფროსი ასაკის 24 011 ამერიკელზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში მხოლოდ ერთი კვება დაკავშირებულია სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკთან. საუზმის გამოტოვება – გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილის უფრო დიდ რისკთან, ხოლო ლანჩის ან ვახშმის გამოტოვება – სიკვდილიანობის გაზრდილ რისკთან.
პრობლემები ჰქონდათ მათაც, ვინც სამჯერადად იკვებებოდა, მაგრამ კვებასა და კვებას შორის მცირე შუალედი ჰქონდა. 4,5 საათის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ კვება ასევე დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზით სიკვდილის რისკთან.
კვლევამ აჩვენა, რომ კვების გამოტოვება უფრო გავრცელებული იყო მათ შორის, ვინც მეტს ეწეოდა, სვამდა მეტ ალკოჰოლს, ნაკლებ ნოყიერ საკვებს ღებულობდა, უფრო მეტი რაოდენობის საჭმელს ღებულობდა, მაგრამ მთლიანობაში ნაკლებ ენერგიას იღებდა.
ეს კვლევა არ არის საკმარისად ყოვლისმომცველი, რათა დადგინდეს, ნამდვილად იწვევს თუ არა ჭამის გამოტოვება ადრეულ სიკვდილს, მაგრამ არსებობს კავშირი, რომლის გამოც ნამდვილად ღირს შემდგომი კვლევის ჩატარება. შესაძლებელია სხვა ფაქტორებიც იყოს ჩართული, რაც გავლენას ახდენს როგორც კვების ზნე-ჩვეულებაზე, ასევე სიკვდილიანობის რისკზე.
„ჩვენი კვლევა გვაწვდის ძალიან საჭირო მტკიცებულებებს კვებით ქცევებსა და სიკვდილიანობას შორის კავშირის შესახებ, კვების დროისა და საკვების მიღებების პერიოდის ხანგრძლივობის კონტექსტში“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
კვლევა ჟურნალ Academy of Nutrition and Dietetics-ში გამოქვეყნდა.
წყარო : sciencealert.com