close
კვლევები

კვლევა – დროში შეზღუდულმა კვებამ, შეიძლება,ნაადრევი სიკვდილის რისკი გაზარდოს

პერიოდულ შიმშილს რეკლამას უწევენ მთელი რიგი მოკლევადიანი სარგებლისთვის, რომელიც ბოლო კვლევებმა გამოავლინა, მაგრამ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით მისი გრძელვადიანი შედეგის შესახებ. ახალმა კვლევამ აღმოაჩინა რამდენიმე შემაშფოთებელი კავშირი, რომელმაც, შეიძლება, გადაწონის პერიოდული შიმშილის სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში.
ამ პოპულარული კვებითი ინტერვენციის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ცნობილია როგორც დროში შეზღუდული კვება (TRE), ითვალისწინებს დღე-ღამეში საკვების მიღების მხოლოდ 8 საათის ან ნაკლები დროის განმავლობაში გადანაწილებას, დანარჩენი 16, ან მეტი საათის განმავლობაში კი – შიმშილს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი დიეტის ამ ფორმას სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მიმართავს ჯანმრთელობის სპეციფიკური პრობლემების გადასაჭრელად, ბევრი მას წონის დაკლების სწრაფ გზად იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ წონა ჯანსაღი სხეულის ერთ-ერთი ასპექტია, ჩინეთში, მეცნიერთა ჯგუფის ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ დროში შეზღუდული კვება დაკავშირებულია ზოგიერთ სერიოზულ და გრძელვადიან შედეგთან, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და ნაადრევ სიკვდილთან.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებში, რომლებიც 8-საათიან დროში შეზღუდულ კვებას იცავდნენ, უფრო მაღალი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა, მათ შორის იმ ადამიანებშიც, რომლებსაც კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდათ“, – აცხადებს ეპიდემიოლოგი ვიქტორ ჟონი, შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტიდან.
კერძოდ, კვლევის ფარგლებში, 20 000-მდე ადამიანის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ზღუდავდნენ ჭამას რვა საათის ან ნაკლები დროის განმავლობაში, ჰქონდათ 91 პროცენტით მეტი სიკვდილის რისკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო. ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა გულის დაავადების ან კიბოს მქონე ადამიანებში.
გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისთვის კვების ფანჯრის დღეში 8-დან 10 საათამდე შეზღუდვა კი გულის დაავადების ან ინსულტისგან სიკვდილის 66 პროცენტით უფრო მაღალ რისკთან იყო დაკავშირებული.
„ამ ეტაპზე ეს მხოლოდ კავშირებია და არა მიზეზები, მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ გამოავლინა კავშირი 8-საათიან კვების ფანჯარასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილს შორის, ეს არ ნიშნავს, რომ სიკვდილი დროში შეზღუდულმა კვებამ გამოიწვია“, განმარტავს ჟონი.
მისი თქმით, მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინა, რომ ადამიანებს, რომლებიც დროში შეზღუდული კვებას მისდევდნენ, მშრალი კუნთების უფრო დაბალი მასაჰქონდათ, ვიდრე სხვებს, რაც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობასთან, მაგრამ საჭიროა შემდგომი კვლევა ამ მექანიზმების სწორად გასაგებად.
„ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს გულის დაავადებები ან კიბო, იცოდნენ კავშირი 8-საათიან კვების ფანჯარასა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემით სიკვდილის გაზრდილ რისკს შორის“, – აცხადებს ჟონი.
მისი განმარტებით, კვლევის შედეგები ხაზს უსვამს დიეტასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიმართ უფრო ფრთხილი, პერსონალიზებული მიდგომის აუცილებლობას, რათა ისინი შეესაბამებოდეს ინდივიდის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებს.
ეს კვლევა წარმოდგენილი იყო ამერიკის გულის ასოციაციის EPI|Lifestyle Scientific Sessions 2024-ზე.

წყარო : sciencealert.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0