კოსმოსი შეიძლება იყოს არამეგობრული ადგილი ადამიანის სხეულისთვის, მიკროგრავიტაციული პირობებით და სხვა ფაქტორებით, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენს ფიზიოლოგიას, თავიდან ფეხებამდე – თავი, რა თქმა უნდა, მთავარი საზრუნავია.
NASA-s მიერ დაფინანსებული ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევა საკითხის უფრო ღრმა ანალიზის საშუალებას იძლევა. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ასტრონავტებმა, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ან NASA-ს კოსმოსურ ხომალდებზე სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ, ცერებრალური პარკუჭების მნიშვნელოვანი გაფართოება განიცადეს.
ცერებრალური პარკუჭები არის ცერებროსპინალური სითხით სავსე სივრცეები. ეს უფერო და წყლიანი სითხე მოძრაობს თავისა და ზურგის ტვინში და იცავს ტვინს, რათა დაიცვას უეცარი ზემოქმედებისაგან და შლის ნარჩენებს.
30 ასტრონავტის ტვინის სკანირების საფუძველზე, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასეთი მოგზაურობის შემდეგ პარკუჭების სრულად გამოჯანმრთელებას სამი წელი დასჭირდა, რაც მიანიშნებს, რომ ხანგრძლივ კოსმოსურ მისიებს შორის მინიმუმ ამ ხანგრძლივობის ინტერვალია მიზანშეწონილი.
ასტრონავტებში მოკლე მისიების შემდეგ პარკუჭის მოცულობის უმნიშვნელო ცვლილება მოხდა, ან საერთოდ არ შეცვლილა. გაფართოება მოხდა ასტრონავტებში ექვსთვიანი ან უფრო ხანგრძლივი მისიის შემდეგ, თუმცა არ იყო განსხვავება ექვსთვიან და ერთწლიან მისიებში მყოფ ასტრონავტებს შორის. მეცნიერების განმარტებით, ის ფაქტი, რომ გაფართოება არ გაუარესდა ექვსი თვის შემდეგ, შეიძლება კარგი ამბავი იყოს მარსზე დაგეგმილი მომავალი მისიებისთვის, სადაც ასტრონავტებმა შეიძლება ორი წელი გაატარონ. ამასთან, ის, რომ ხანმოკლე მისიების შემდეგ ცერებრალური პარკუჭები არ გაფართოვდა, კარგი ამბავია მათთვის, ვინც, როგორც ტურისტი, ხანმოკლე კოსმოსურ მოგზაურობას განიხილავს.
მიკროგრავიტაციული პირობები ასევე იწვევს სხვა ფიზიოლოგიურ ეფექტებს ადამიანის სხეულზე ფიზიკური დატვირთვის შემცირების გამო. ეს მოიცავს ძვლებისა და კუნთების ატროფიას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებებს, ბალანსის სისტემის პრობლემებს შიდა ყურში. შეშფოთებას იწვევს ასევე მზის რადიაციის დიდი ზემოქმედებით გამოწვეული კიბოს გაზრდილი რისკი.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
წყარო : reuters.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”