მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ორი ეგზოპლანეტა „წყლის სამყაროა“, სადაც წყალი მთელი პლანეტის დიდ ნაწილს შეადგენს. ეს სამყაროები, რომლებიც ჩვენგან 218 სინათლის წლით დაშორებულ მანძილზე მდებარეობენ, მზის სისტემაში აღმოჩენილ არცერთ პლანეტას არ ჰგავს.
ჯგუფმა, რომელსაც მონრეალის უნივერსიტეტის ეგზოპლანეტების კვლევის ტროტიეს ინსტიტუტის მკვლევარი კაროლინ პიაულეტი ხელმძღვანელობს, Kepler-138-ის სახელით ცნობილი ამ პლანეტარული სისტემის დეტალური კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოაქვეყნა.
პიაულეტი და მისი კოლეგები ეგზოპლანეტებს, Kepler-138 c და Kepler-138 d-ს, NASA-ს Hubble-ისა და Spitzer-ის კოსმოსური ტელესკოპებით დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ პლანეტები შეიძლება შედგებოდეს ძირითადად წყლისგან. ეს ორი პლანეტა და ვარსკვლავთან უფრო ახლოს მყოფი პატარა პლანეტა, Kepler-138 b, ადრე აღმოჩენილი იყო NASA-ს Kepler-ის კოსმოსური ტელესკოპის მიერ. ახალმა კვლევამ აღმოაჩინა მტკიცებულება მეოთხე პლანეტის არსებობაზეც.
დედამიწაზე სამჯერ მეტი მოცულობით და ორჯერ დიდი მასით, c და d პლანეტებს დედამიწაზე გაცილებით დაბალი სიმკვრივე აქვთ. ეს გასაკვირია, რადგან დედამიწაზე ოდნავ დიდი პლანეტების უმეტესობა, რომლებიც აქამდე იყო დეტალურად შესწავლილი, თითქოს ჩვენი მსგავსი კლდოვანი სამყარო იყო.
იმის გარკვევა, თუ რისგან შედგება ჩვენი მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტები საკმაოდ დიდ მუშაობას მოითხოვს. ისინი ძალიან შორს არიან და ძალიან ბუნდოვანი იმ ვარსკვლავების შუქთან შედარებით, რომლების გარშემოც ისინი ბრუნავენ; პირდაპირი სურათების მოპოვება ძალიან რთულია და შემდგომში ძალიან იშვიათია და არ აჩვენებს დიდ დეტალებს.
ეგზოპლანეტის შემადგენლობა, როგორც წესი, გამოითვლება მისი სიმკვრივიდან, რომლის დადგენა ორი მახასიათებლის გამოყენებით ხდება – ერთი აღებულია პლანეტის მიერ ვარსკვლავის სინათლის დაბნელებიდან (ტრანზიტი), მეორე კი ვარსკვლავის რადიალური სიჩქარიდან ანუ „რხევიდან“.
ვარსკვლავის შუქი, რომელიც იბლოკება ტრანზიტის დროს, გვიჩვენებს ეგზოპლანეტის ზომას, საიდანაც ვიღებთ რადიუსს. რადიალური სიჩქარე გამოწვეულია ეგზოპლანეტის გრავიტაციული მიზიდვით, რომელიც განიხილება როგორც ვარსკვლავის სინათლის ტალღის სიგრძის რეგულარული, მაგრამ ძალიან მცირე გაფართოება და შეკუმშვა, როდესაც ის მიიზიდება. ამ მოძრაობის ამპლიტუდამ შეიძლება გვითხრას, რა მასა აქვს ეგზოპლანეტას.
როდესაც იცით ობიექტის ზომა და მასა, შეგიძლიათ გამოთვალოთ მისი სიმკვრივე.
ტრანზიტის მონაცემები აჩვენებს, რომ Kepler-138c-სა და Kepler-138d-ს რადიუსები დედამიწის რადიუსს 1,51-ჯერ, დედამიწის მასას კი 2,3 და 2,1-ჯერ აღემატებიან. ეს მახასიათებლები, თავის მხრივ, გვეუბნება, რომ ეგზოპლანეტების სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე დაახლოებით 3,6 გრამს შეადგენს, მაშინ, როცა დედამიწის სიმკვრივე – კუბურ სანტიმეტრზე 5.5 გრამია.
გუნდის მოდელირების მიხედვით, წყალი შეადგენს ეგზოპლანეტების მოცულობის 50 პროცენტზე მეტს, რომელიც ვრცელდება დაახლოებით 2000 კილომეტრის სიღრმეზე. შედარებისთვის : დედამიწის ოკეანეების საშუალო სიღრმე მხოლოდ 3,7 კილომეტრია. მაგრამ Kepler-138c და Kepler-138d ბევრად უფრო ახლოს არიან თავიანთ ვარსკვლავთან, ვიდრე დედამიწა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარსკვლავი პატარა, წითელი ჯუჯაა, ეს სიახლოვე ორ ეგზოპლანეტას ჩვენს დედამიწაზე ბევრად უფრო ცხელს უნდა ხდიდეს. ერთ გარშემოვლას ისინი 13 და 23 დღეს ანდომებენ.
მკვლევარების განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სამყაროების ოკეანეები და ატმოსფერო ჩვენს ოკეანეს ჰგავდეს.
„ტემპერატურა Kepler-138c-სა და Kepler-138d-ის ატმოსფეროებში სავარაუდოდ წყლის დუღილის წერტილს აღემატება და ჩვენ ველოდებით ორთქლისგან შემდგარ სქელ, მკვრივ ატმოსფეროს ამ პლანეტებზე“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მათი განმარტებით, მხოლოდ ამ ორთქლის ატმოსფეროში შეიძლება იყოს პოტენციურად თხევადი წყალი მაღალ წნევაზე, ან თუნდაც წყალი სხვა ფაზაში, რომელიც ხდება მაღალი წნევის დროს და რომელსაც ზეკრიტიკული სითხე ეწოდება.
წყარო: nasa.gov, sciencealert.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”