close
კვლევები

კვლევა – საკვები დანამატი მემკვიდრეობითი კიბოს რისკს 60%-ით ამცირებს

ცდა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელშიც მთელი მსოფლიოდან ასობით ადამიანი იყო ჩართული, მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა – ადამიანებს, რომლებიც გარკვეული კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, შეუძლიათ, კიბოს რისკი 60 პროცენტზე მეტით შეამცირონ და ეს მხოლოიდ  საკვებ რაციონში უფრო მდგრადი სახამებლის დამატებით.
შედეგები იმდენად დამაჯერებელი იყო, როდესაც საქმე ეხება კუჭ-ნაწლავის (GI) ტრაქტის ზედა ნაწილის კიბოს რისკის შემცირებას, რომ მკვლევარები ახლა გეგმავენ მათ გამეორებას, რათა დარწმუნდნენ, რომ არაფერი გამორჩათ.
„აღმოვაჩინეთ, რომ რეზისტენტული სახამებელი ამცირებს კიბოს სიმსივნეებს 60 პროცენტზე მეტით. ეფექტი ყველაზე აშკარა იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს ნიუკასლის უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი და დიეტოლოგი ჯონ მატერსი.
აღსანიშნავია, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის კიბო მოიცავს საყლაპავის, კუჭისა და პანკრეასის კიბოებს.
რეზისტენტული სახამებელი არის სახამებლის სახეობა, რომელიც გადის წვრილ ნაწლავში და შემდეგ ფუვდება მსხვილ ნაწლავში, სადაც კვებავს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებს. მისი მიღება შესაძლებელია ბოჭკოვანი დანამატის სახით და ბუნებრივად შეიცავს სხვადასხვა საკვები, მათ შორის ოდნავ მწვანე ბანანი, შვრია, მოხარშული და გაცივებული მაკარონის პროდუქცია, ბრინჯი, ბარდა და ლობიო.
ცდა ჩატარდა 1999-2005 წლებში და მასში მონაწილეობდა 918 ადამიანი, ე.წ. ლინჩის სინდრომით. ლინჩის სინდრომი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გენეტიკური მიდრეკილება კიბოს მიმართ.
მათ, ვისაც მემკვიდრეობით აქვთ ლინჩის სინდრომის გენები,  კოლორექტალური კიბოს, აგრეთვე კუჭის, ენდომეტრიუმის, საკვერცხის, პანკრეასის, პროსტატის, საშარდე გზების, თირკმელების, სანაღვლე გზების, წვრილი ნაწლავის და ტვინის კიბოს განვითარების რისკი აქვთ.
მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფში გადაანაწილეს. ერთ-ერთი ჯგუფის წარმომადგენლებს, ცდის 463 მონაწილეს, დღიურად ფხვნილის სახით 30 გრამ რეზისტენტულ სახამებელს ორი წლის განმავლობაში აძლევდნენ.
ლინჩის სინდრომის მქონე კიდევ 455 ადამიანი კი ყოველდღიურ პლაცებოს ღებულობდა.
ორივე ჯგუფის მონაწილეებს 10 წლის შემდეგ დააკვირდნენ. დაკვირვების შედეგები არის ის, რაც მკვლევარებმა ახლახან გამოაქვეყნეს.
კერძოდ, იმ 463 ადამიანში, რომლებმაც რეზისტენტული სახამებელი მიიღეს, კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის (GI) კიბოს მხოლოდ 5 შემთხვევა დაფიქსირდა, პლაცებო ჯგუფის 455 ადამიანში კი – 21, რაც საკმაოდ დიდი განსხვავებაა.
კვლევის შედეგები ჟურნალ Cancer Prevention Research-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0