ახალი კვლევა ემატება იმ კვლევების რიცხვს, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ჩვენი ბიოლოგიური ასაკი, რომელიც განსხვავდება ადამიანის ქრონოლოგიური ასაკისგან – შეიძლება შექცევადი იყოს.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა ბიოლოგიური დაბერების მარკერები, რომლებიც, როგორც ჩანს, იზრდება ისეთი სტრესული მოვლენების შემდეგ, როგორიცაა რთული ოპერაცია, ორსულობა ან სერიოზული ინფექცია, და შემდეგ, ამ სტრესისგან გამოჯანმრთელების პერიოდის შემდეგ საწყის დონეს უბრუნდება.
დაბერების ეფექტების შენელება, რომ აღარაფერი ვთქვათ უკუქცევაზე, მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროების მეწარმეებისთვის ერთგვარი ოცნებაა.
ეგრეთ წოდებული ეპიგენეტიკური ცვლილებები შეიძლება ასახავდეს ადამიანის ცხოვრების წესს და გარემო ფაქტორებს, როგორიცაა არასწორი კვება, ინფექცია ან სტრესი, ბავშვობაში ან მოგვიანებით ასაკში. ამგვარად, ეპიგენეტიკური ცვლილებები აღნიშნავს დროის გასვლას და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მოლეკულური „საათი“ ქსოვილებისა და ორგანოების ბიოლოგიური ასაკის შესაფასებლად. მეცნიერებს ასევე შეუძლიათ ბიოლოგიური ასაკის შეფასება ტელომერების სიგრძის გაზომვით; ეს არის დამცავი „ხუფები“ ქრომოსომების ბოლოს, რომლებიც უჯრედების გაყოფის ყოველ ჯერზე მოკლდებიან.
წარსულში მეცნიერები სხვადასხვა გზით იკვლევდნენ ტელომერების დაგრძელების გზებს, როგორც ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალებას. თუმცა, ბოლო პერიოდში აქცენტი უფრო მეტად კეთდება ეპიგენეტიკური საათების „გადახვევის“ გზების იდენტიფიცირებაზე.
„მიუხედავად გავრცელებული აღიარებისა, რომ ბიოლოგიური ასაკი მაინც გარკვეულწილად მოქნილია, ის, თუ რამდენად განიცდის ბიოლოგიური ასაკი შექცევად ცვლილებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში და მოვლენები, რომლებიც იწვევს ასეთ ცვლილებებს, უცნობი რჩება“, -განმარტავს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მოლეკულური ბიოლოგი ვადიმ გლადიშევი, რომელიც ზემოთხსენებული ახალი კვლევის თანაავტორი იყო.
ეს არ ნიშნავს რომ მეცნიერებს წარსულში არ ჰქონიათ შემთხვევითი შედეგები, რომლებიც მიანიშნებენ ბიოლოგიური ასაკის შექცევადობაზე, ადამიანებშიც კი.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სტრესით გამოწვეული დაბერების აჩქარება შეიძლება მხოლოდ დროებითი იყოს.
„მკაფიო ნიმუში, რომელიც გაჩნდა ჩვენი კვლევების განმავლობაში, არის ის, რომ სტრესის ზემოქმედებამ გაზარდა ბიოლოგიური ასაკი. როდესაც სტრესი მოიხსნა, შესაძლებელი გახდა ბიოლოგიური ასაკის სრულად ან ნაწილობრივ აღდგენა“, – წერენ მკვლევარები თავიანთ გამოქვეყნებულ ნაშრომში.
მათი განმარტებით, ტრავმის მქონე ხანდაზმული პაციენტების სისხლის ნიმუშებმა, რომლებსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ, აჩვენა ბიოლოგიური ასაკის მარკერების მატება, რომელიც ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა.
მკვლევარების აზრით, მათი დასკვნები მიანიშნებს, რომ ორგანიზმს შეუძლია შეცვალოს ბიოლოგიური დაბერების პროცესები. მაგრამ ერთია ორგანიზმის პროცესების ცვლილებებზე დაკვირვება და სულ სხვაა მათი თერაპიულად „დამორჩილება“ დაბერების შედეგების შესაცვლელად.
მეცნიერება ჯერ იდევ არ იციან, აქვს თუ არა უჯრედების დაბერების ამ ხანმოკლე ცვლილებებს ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი ან შესამჩნევი ეფექტი.
კვლევა ჟურნალ Cell Metabolism-შია გამოქვეყნებული.
წყარო : sciencealert.com
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა