კვირის დღეებში ბევრი მუშაობისა და პარასკევ საღამოს განტვირთვის შემდეგ, შაბათ-კვირას ხანგრძლივ ძილსა და გვიან ადგომას ყველა ვამართლებთ, მაგრამ ალბათ არ იცით, რომ მეცნიერებიც ჩვენს მხარეს არიან.
შვედი და ამერიკელი მკვლევარების მიხედვით, 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც შაბათ-კვირას 5 საათზე ნაკლები სძინავთ, ადრეული სიკვდილის რისკის ქვეშ არიან.
რატომ არის შაბათ-კვირის ხანგრძლივი ძილი კარგი
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ შედეგები თანხვედრაშია წინა კვლევასთან, რომელიც ძილის ხანგრძლივობას სიკვდილიანობასთან აკავშირებდა. თუმცა, ეს კონკრეტული კავშირი კვირის 7-ვე დღესთან იყო და არა უქმე დღეებთან.
ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც კვირის დღეებში ცოტა სძინავთ, მაგრამ უძილობას შაბათ-კვირას კარგი გამოძინებით ინაზღაურებენ, ადრეული სიკვდილიანობის რისკის ქვეშ არ არიან.
თუმცა, ამ რისკს ვერ გაურბიან ის ადამიანები, რომლებსაც გამუდმებით 5 საათზე ნაკლები სძინავთ, ან ძალიან ხანგრძლივ, 9-საათზე გრძელ, ძილს ირჩევენ. მათგან განსხვავებით, საშიშროების წინაშე არ დგანან ის ადამიანები, რომლებსაც კვირის განმავლობაში 6-7 საათი სძინავთ.
მეცნიერები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც 38 000-ზე მეტი მოზრდილი შვედი გამოჰკითხეს. ისინი პასუხობდნენ კითხვებს ცხოვრების წესზე, სამედიცინო ისტორიასა და კვირისა და შაბათ-კვირის დღეებში ძილის ხანგრძლივობაზე. მკვლევარები ამ ინფორმაციით ეცადნენ დაედგინათ კავშირი სიკვდილიანობასთან, სამუშაო და არასამუშაო დღეებში ძილის ხანგრძლივობის შედარებით.
“ჩვენი მონაცემების მიხედვით, სამუშაო დღეებში მოკლებული ძილის კომპენსირება შაბათ-კვირას შესაძლებელია, რათა ადრეული სიკვდილიანობა ავიცილოთ თავიდან”, – წერენ კვლევის ავტორები.
მკვლევარები ამბობენ, რომ 65 წელს გადაცილებული ადამიანებს საკმარისად სძინავთ იმისთვის, რომ ამ საფრთხის წინაშე არ დადგნენ:
“მათ კვირის 7-ვე დღეს იმდენი ხანი სძინავთ, რამდენიც სჭირდებათ. როცა ისინი იღვიძებენ, დაღლილობის შეგრძნება არ აქვთ, რადგან დასვენებულები არიან. როდესაც იგივე შედეგი არ გვაქვს ახალგაზრდებთან – ისინი გაღვიძებისას გრძნობენ, რომ “ძილი არ ეყოთ” და დასვენება კვლავ სჭირდებათ. ჩვენი ინტერპრეტაციით, ასაკის მატებასთან ერთად, ძილის საჭიროება მცირდება”.
მკვლევარები ამბობენ, რომ მათი შედეგები უფრო მყარი იქნებოდა, თუ ძილის ხანგრძლივობაზე ინფორმაციას რესპოდენტებისგან ყოველ ხუთ წელიწადში გამოითხოვდნენ, რადგან, მათი სიტყვებით, ადამიანების ძილის ხანგრძლივობა წლების განმავლობაში იცვლება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”