ძაღლის ყოლა ნაადრევი სიკვდილის რისკს 24%-ით ამცირებს. ამის შესახებ CNN-ი ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევის ავტორებმა დაახლოებით 4 მილიონი ადამიანის მონაცემით იხელმძღვანელეს, რომლებიც 70 წლის განმავლობაში აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიაში სხვადასხვა კვლევებისთვის შეაგროვეს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანს, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა სახლში ძაღლი ჰყავს, შეტევის გამეორების რისკი 33%-ით ნაკლებია მათთან შედარებით, ვისაც ძაღლი არ ჰყავს. ინსულტის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს.
მსგავსი კვლევა შვედმა მეცნიერებმაც გამოაქვეყნეს. მათ დაასკვნეს, რომ ძაღლის ყოლა მარტოხელა მოხუცებისთვის ძალიან სასარგებლოა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ძაღლის ყოლის ადამიანის ჯანმრთელობის გავლენაზე უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად კლინიკური ცდების ჩატარებაა საჭირო.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”